აგრეთვე მთავარია კანონის მორგებისთვის პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული, რომ სიმწრით ნაშენები სახელმწიფო თავზე არ ჩამოექცეს საზოგადოებას. საზოგადოებას აშკარად მორგებულ ცვლილებებთან ქონდა საქმე, როდესაც 2012 წლის 22 მაისს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა კონსტიტუციაში და დროებით 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მიანიჭა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეებს. მოცემული საკონსტიტუციო ცვლილება განხორციელდა მას შემდეგ, როდესაც მაშინდელ მომავალ პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა ’ჩამოერთვა’. ამგვარად საზოგადოებაში ეს ცვლილებები ასოცირდება პოლიტიკურად (საარჩევნოდ) განცხადებული მიზნების მქონე პირისთვის განხორციელებულ ცვლილებებად.
Saturday, January 19, 2013
როგორ მოვირგოთ კანონი
აგრეთვე მთავარია კანონის მორგებისთვის პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული, რომ სიმწრით ნაშენები სახელმწიფო თავზე არ ჩამოექცეს საზოგადოებას. საზოგადოებას აშკარად მორგებულ ცვლილებებთან ქონდა საქმე, როდესაც 2012 წლის 22 მაისს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა კონსტიტუციაში და დროებით 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მიანიჭა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეებს. მოცემული საკონსტიტუციო ცვლილება განხორციელდა მას შემდეგ, როდესაც მაშინდელ მომავალ პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა ’ჩამოერთვა’. ამგვარად საზოგადოებაში ეს ცვლილებები ასოცირდება პოლიტიკურად (საარჩევნოდ) განცხადებული მიზნების მქონე პირისთვის განხორციელებულ ცვლილებებად.
Sunday, October 7, 2012
ნარკოტიკების მოხმარება საქართველოში ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო ანალიზი
Saturday, April 7, 2012
საზოგადოებისათვის სასარგებლო შეთანხმება

Saturday, January 28, 2012
მთავრობის დაწესებული ახალი გადასახადი - „112”

ერთ ”მშვენიერ” დღეს, ახალი წლის წინაადღეებში საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა და მიიღო თვითნებური და უკანონო გადაწყვეტილება ახალი გადასახადის შემოღების შესახებ.
მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან.
მთავრობის დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს „112“-ის მომსახურების, საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესს მიღებულია 2011 წლის 27 დეკემბერს.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი „112“ არის 2011 წლის ნოემბერს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შექმნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამსახური. მისი მიზანია საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით შეტყობინებების მიღება ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის საშუალებით.
მიუხედავად იმისა, რომ „112“ ჯერ არ ამოქმედებულა 2012 წლის იანვრიდან სატელეფონო მომსახურების მიმღებმა ყველა აბონენტმა თვეში ფიქსირებული გადასახადი უნდა გადაიხადოს: ყოველ თვეს ფიზიკურმა პირებმა 20 თეთრი და იურიდიულმა პირებმა (ორგანიზაციებმა) 50 თეთრი. რამოდენიმე ტელეფონის არსებობის შემთხვევაში ყოველ მთგანზე მოხდება ამ გადასახადის დარიცხვა.
გადასახადის დარიცხვა ხდება ნებისმიერ, როგორც ე.წ. სახლის ისე მობილური ტელეფონების აბონენტებზე.
გამონაკლისია მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც: ერთი თვის განმავლობაში ტელეფონი ცალმხრივად იყო გათიშული და ძირითადათ მობილურ აბონენტებზე, რომლებმაც თავისი ანგარიში თვეში 5 ლარზე ნაკლები ოდენობის ღირებულებით შეავსეს.
გადასახადს არცერთ შემთხვევაში არ გადაიხდიან სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება.
გადასახადის ამოღება დაევალათ პირდაპირ იმ კომპანიებს რომლებიც თავისი აბონენტებისათვის სატელეფონო მომსახურების მიწოდებას ახორციელებენ.
/კეთილსინდისიერი და სამართლიანი/
2012 წლის იანვრიდან საგადასახადო ტვირთი ყოველი გადამხდელისათვის იზრდება იმ პირებებში, როდესაც: „112“ ჯერ არ ფუნქციონირებს; მნიშვნელობა არ აქვს სარგებლობს თუ არა აბონენტი „112“-ის მომსახურებით; გადასახადის გადახდა ეხება ოჯახის ყოველ წევრს (მაგალითად ოჯახში სახლის ტელეფონთან ერთად მის ყოველ წევრს შეიძლება ქონდეს მობილური ტელეფონი), რაც საბოლოოდ თვეში შეიძლება ძალიან მიზერულ თანხას არ წარმოადგენდეს; ეწინააღმდგება კერძო კომპანიების ჩვეულ რეჟიმში და საბაზრო პირობებში მუშაობას (გადასახადის დარიცხვა ხდება მიუხედავად მომსახურების მიწოდებისა); სახელმწიფო პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს კერძო კომპანიებზე, რაც მათგან დამატებით ძალისხმევას და რესურსებს მოითხოვს.
/სხვა საკანონმდებლო აქტებთან წინააღმდეგობრივი/
საქართველოს საგადასახადო კოდექსით გაუთვალისწინებელი გადასახადის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება დაუშვებელია. ეს არის საგადასახადო კოდექსის მნიშვნელოვანი პრინციპი. მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება განისაზღვროს: გადასახადებისა და მოსაკრებლების სახეები, სტრუქტურა და ოდენობა, მათი შემოღებისა და გადახდის წესი.
პირი ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. ამჟამად მოქმედ საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს მიეკუთვნება მხოლოდ: ა) საშემოსავლო გადასახადი; ბ) მოგების გადასახადი; გ) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ); დ) აქციზი და ე) იმპორტის გადასახადი. ადგილობრივ გადასახადს მიეკუთვნება ქონების გადასახადი.
საქართველოს კონსტიტუციის ასამოქმედებელი ნორმის მიხედვით, რომელიც 2013 წელს არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან შევა ძალაში - გადასახადის ახალი სახის შემოღება ან არსებულის განაკვეთის გაზრდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეფერენდუმით. იგივე პრინციპი არის განმტკიცებული პარლამენტის მიერ 2011 წლის ივლისს მიღებული ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონით, რომლის მიზანია დღევანდელი და მომავალი თაობების ეკონომიკური უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიების განმტკიცება.
ანალოგიური და იგივე სახელწოდების საგანგებო და სასწრაფო დახმარების სამსახური „112“ მოქმედებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ასეთი სამსახურის ჩამოყალიბების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო 1991 წელს ევროკავშირის საბჭოს მიერ და ყველა წევრ ქვეყნებს დაევალათ მისი შექმნა. ყველასათვის უნივერსალური სპეციალური დირექტივაც ამოქმედდა 2002 წლის მარტში და შესაბამისი მოთხოვნებიც დააწესა, რომელთგან ერთ-ერთ მნიშვნელოვანს წარმოადგენს მისი უფასო მომსახურება ნებისმიერი აბონენტებისათვის.
ლევან ჯორბენაძე
2012 წლის 28 იანვარი
Monday, January 9, 2012
მედიაციაზე კანონი ძალაშია მაგრამ ჯერ ვერ შესრულდება

საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის დეკემბერში მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ცვლილებები შევიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსში და სამოქალაქო საქმეებზე პირველად საქართველოში 2012 წლის 1 იანვრიდან „თეორიულად“ ამოქმედდა სასამართლო მედიაცია.
მაგრამ დღეის მდგომარეობით კანონში დამატებული თავი XXI1-ის პირველივე მუხლიდან ნათლად ჩანს, რომ ჯერჯერობით უკვე მიღებულ კანონი ვერ განხორციელდება, რადგან ამ ეტაპზე არ არის განსაზღვრული ვინ უნდა იყოს კონკრეტულად მედიატორი, ვის უნდა გადაეცეს საქმე განსახილველად.
კანონით ამჯერად მხოლოდ მოწესრიგდა სასამართლო მედიაციის პროცედურები, რომ სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემდეგ სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული საქმე დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით შეიძლება გადაეცეს მედიატორს, რომელიც შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიულ პირი.
სასამართლო მედიაცია გამოიყენება საოჯახო, სამემკვიდრეო, სამეზობლო დავებზე მათ შორის ნებისმიერ დავაზე თუ ორივე მხარე თანახმაა. სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებისათვის მედიაციის გამოყენების შესახებ არ გასაჩივრდება.
ზოგადად მედიაციის ინსტიტუტის, როგორც დავის განხილვის ალტერნატიული საშუალების და სისტემის დანერგვისათვის საფუძვლების შექმნა მნიშვნელოვანია: იზოგება სახელმწიფო ფინანსური და ადამიანური რესურსები, ორივე მხარისათვის მომგებიანია - მხარეები ერთმანეთთან ურთიერთობებს ინარჩუნებენ, სახელმწიფო სასამართლოსთან შედარებით დავის გადაწყვეტისათვის სწრაფი საშუალებაა, კონფიდენციალურია, საზოგადოებაში ადამიანები მათ შორის წარმოშობილ კონფლიქტს სახელმწიფოს ჩარევის გარეშე თავად აგვარებენ გაწერილი ნორმების მიხედვით და სხვა. იმისათვის, რომ დავის მხარეთა შორის მედიაციის გამოყენებამ კონკურენცია გაუწიოს სასამართლოს ის ძირითადად ასამოქმედებელი კანონის მიხედვით იქნება: იაფი, კონფიდენციალური და სწრაფი.
უკვე მიღებული, მაგრამ ასამოქმედებელი კანონის მიხედვით
იაფი: მედიაციას დაქვემდებარებულ საქმეებზე მხარე სასამართლოში სარჩელის წარდგენის დროს გადაიხდის დავის საგნის ღირებულების 1%-ს, არანაკლებ 50 ლარს.
კონფიდენციალური: მედიატორს და მედიაციაში მონაწილე მხარეებს უფლება არ აქვთ გაამჟღავნონ ინფორმაცია (თუ მხარეები თავად არ შეთანხმდებიან სხვაგვარად).
სწრაფი: მინიმუმ მხარეები ორჯერ უნდა შეხვდნენ, მაგრამ მათ შეუძლიათ მორიგდნენ 45 დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს.
რამდენად ეფექტურად იქნება გამოყენებული მედიაციის ინსტიტუტი საქართველოში მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია: კანონის ავტორებზე, პრქტიკოსი იურისტების მონაწილეობაზე კანონშემოქმედებითი პროცესის დროს, საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტის გამჭვირვალე მუშაობაზე, რომ მისიღები კანონი მხოლოდ თეორიული არ დარჩეს და იგი მოქნილი, საზოგადოებისათვის სასარგებლო და განხორციელებადი იყოს.
ლევან ჯორბენაძე
2012 წლის 9 იანვარი
Friday, August 5, 2011
პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლები რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობა შეცვალეს

ანტიჰუმანურ იდეოლოგიაზე დაფუძნებულმა ტოტალიტარულმა კომუნისტურმა საბჭოთა რეჟიმმა მრავალი მძიმე დანაშაული ჩაიდინა - ათასობით საქართველოს მოქალაქე გახდა ამ რეჟიმის მიერ განხორციელებული რეპრესიების მსხვერპლი. დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს პარლამენტი
აღნიშნავს სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების მნიშვნელობას, რომლის უზენაეს ღირებულებას წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლე, პირადი თავისუფლება და ხელშეუხებლობა;
აღიარებს საბჭოთა რეჟიმის დროს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს თავისუფალი საქართველოს შექმნაში;
გამომდინარეობს სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობიდან და იღებს ამ კანონს
ეს არის 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის პრეამბულა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, და სახელმწიფომ აიღო ვალდებულება იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც: „პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე”.
ამავე კანონით დადგინდა, რომ პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება და მისი დარღვეული უფლებების აღდგენა ხდება სასამართლოს წესით. კანონის მე-9 მუხლით არამარტო დადგინდა რეპრესიის მსხვერპლის მიერ ფულადი კომპენსაციის მიღების უფლება, არამედ მე-8 მუხლით გათვალისწინებული იქნა ქონებრივი უფლებების აღდგენაც. ორივე შემთხვევაში კანონის მე-9 და მე-8 მუხლების მიხედვით უფლებების აღდგენის წესი კანონმდებელმა გადადო: „...ფულადი კომპენსაცია, რომლის ოდენობას და გაცემის წესს ადგენს კანონი” და „...ქონებრივი უფლებების აღდგენის წესი განისაზღვრება ცალკე კანონით”.
90-იან წლებში და მას შემდგომ ის პირები, რომლებიც უშუალოდ რეპრესიის მსხვერპლები იყვნენ ან მათი გარდაცვალების შემთხვევაში მემკვიდრეები სარჩელით სასამართლოს მიმართავდნენ რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კანონით გათვალისწინებული წესით სარგებლობდნენ მხოლოდ მცირე სოციალური შეღავათებით: პენსია, საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების ფასდაკლება. მაგრამ საბოლოოდ ვერცერთი მათგანი პრაქტიკულად ვერ ახერხებდა აღნიშნული მე-8 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციის მიღებას და ქონებრივი უფლებების აღდგენას - კანონის არარსებობის გამო.
რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირები, რომლებმაც საქართველოს კანონდმებლობა შეცვალეს აღმოჩდნენ ძმები: კლაუს და იური კილაძეები. მათ საქართველოში შიდა სასამართლო ინსტანციების უშედეგო ამოწურვის შემდეგ 2006 წლის 22 თებერვალს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს საქართველოს წინააღმდეგ. მოსარჩელეები ბოლომდე მოითხოვდნენ მათი უფლებების აღდგენას და ასაჩივრებდნენ იმ ფაქტს, რომ 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-8 და მე-9 მუხლებით გარანტირებული მათი უფლებებისათვის „შინაარსის მიცემის დაგვიანებით”, სახელმწიფო მათ გაურკვევლობასა და მწუხარებაში ამყოფებდა, რაც მათ ტანჯვასა და დამამცირებელ მოპყრობად უნდა აღქმულიყო.
მათი საქმის ძირითადი არსის მიხედვით: 1937 წლის 2 ოქტომბერს მოსარჩელეების მამა დახვრიტეს. 1938 წლის 7 ნოემბერს, საბჭოთა ხელისუფლების დამხობისაკენ მიმართული აგიტაცია-პროპაგანდის ბრალდებით, დედას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და იგი საბჭოთა კავშირის უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე სპეციალურ „Гулаг“-ის საპატიმრო ბანაკში გადაასახლეს. მოსარჩელეები, „სამშობლოს მოღალატის შვილები” მარტო დარჩნენ თბილისში და 10 და 12 წლის იყვნენ, რომლებიც უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ. მათ ასვე დაკარგეს საცხოვრებელი სახლი.
მოსარჩელეები ძირითადად მოითხოვდნენ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებთა კონვენციის მე-3 მუხლის და ამავე კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვეულად ცნობას და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას.
მე-3 მუხლი: „არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას”. კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი: „ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება”.
სასამართლოზე საქართველოს მთავრობის, როგორც მოსარჩელეების მოწინააღმდეგე მხარის ერთერთი პოზიცია ის იყო, რომ თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს ვერ დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა აღნიშნულ სისასტიკეზე და ვერც მოსარჩელეებისადმი 1937-1938 წლებში განცდილი ზიანისათვის კომპენსაციის გადახდა. მთავრობა ასევე მიუთითებდა, რომ საქართველო შესაბამის ფინანსურ ტვირთს იკისრებდა მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოს სახელმწიფო ამისათვის მზად იქნებოდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით დაადგინა კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის - საკუთრების უფლების დარღვევა, რადგანაც სახელმწიფოს „11 წელიწადზე მეტი ქონდა, რომ გადაედგა თუნდაც მცირე ნაბიჯი 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული კანონის მიღების პროცესის დაწყებისკენ, კერძოდ ზუსტად განესაზღვრა მსხვერპლთა რაოდენობა, განეხორციელებინა ეკონომიკური, ფინანსური და სოციალური კვლევა საზოგადოების იმ წევრთა მოგებისა და დანაკარგების შესახებ, რომლებსაც აღნიშნული პროცესი შეეხოთ”. სასამართლომ ასევე აღნიშნა: „როდესაც საქმე ეხება საზოგადოებრივ ინტერესს, ხელისუფლება ვალდებულია, სათანადო დროში მოახდინოს კორექტული და რაც შეიძლება თანმიმდევრული რეაგირება”.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აშკარად დაუსაბუთებულობის გამო უარყო კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა - დამამცირებელი მოპრობა. სასამართლომ ასევე უარყო საკუთრების უფლების დარღვევის დადგენა კანონის მე-8 მუხლთან დაკავშირებული ქონებრივი უფლებების აღდგენის ნაწილში, რადგანაც სასამართლომ შენიშნა, რომ მოსარჩელეები „მიზნად არ ისახავდნენ მათი დედის კუთვნილი მოძრავი და უძრავი ქონების აღდგენას” და რომ მოსარჩელეთა „ამოცანა მდგომარეობდა ხსენებული კონფისკაციის ღონისძიებებიდან გამომდინარე ზიანის სანაცვლოდ კომპენსაციის მიღებაში”.
შესაბამისად სასამართლომ დაადგინა, რომ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში თუ საქართველოს მიერ კვლავ არ მოხდებოდა კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების: საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და საბიუჯეტო ზომების მიღება, მაშინ საქართველოს სახელმწიფოს კლაუს და იური კილაძეებისათვის, თითოეულისათვის უნდა გადაეხადა 4000 ევრო მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის.
მოცემულ საქმეში შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოებები გამოიკვეთა:
1. თუ საბჭოთა კომუნისტური რეჟიმის მემკვიდრედ რუსეთის ფედერაცია ითვლება, მაშინ, რატომ ეკისრება მხოლოდ საქართველოს კომპენსაციების გაცემის საკითხი;
2. კვლავ ღიად დარჩა 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ქონებრივი უფლებების აღდგენის საკითხიც, რადგან ქონებრივი უფლებების აღდგენის წესის განმსაზღვრელი ცალკე კანონი საქართველოს ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული;
3. საქართველოს კიდევ ქონდა საშუალება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან - 2010 წლის 2 მაისიდან 6 თვის განმავლობაში მიეღო კანონი და თავად განესაზღვრა კომპენსაციის გაცემის და მისი ოდენობის საკითხები, რადგანაც სახელმწიფოს აქვს უფლებამოსილება „შეარჩიოს ის ინდივიდუალური და/ან ზოგადი ღონისძიებები, რომელთა გატარებაც აუცილებელია მის სამართლებრივ სისტემაში სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევის გამოსწორების მიზნით და მაქსიმალურად აღმოფხვრას მისგან გამოწვეული საზიანო შედეგები”.
საქართველომ მხოლოდ 2011 წლის აპრლ-მაისში შეიტანა ცვლილებები კანონებში, ე.ი. დაახლოებით 6 თვის დაგვიანებით.
2011 წლის ცვლილებების მიხედვით, ამჟამად უშუალოდ რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირებს, მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს 2014 წლის 1 იანვრამდე უფლება აქვთ მხოლოდ ფულადი კომპენსაციის მიღების მოთხოვნით სარჩელით მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.
რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირებს, მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს შეუძლიათ მიმართონ ადმინისტრაციულ (სამოქალაქო) საქმეების ნებისმიერ ადვოკატს, რომელიც მათ სარჩელის დაწერაში და შესაბამისი თანდასართავი საბუთების მოწესრიგებაში დაეხმარებათ და გაუწევს აუცილებელ იურიდიულ მომსახურებას.
ფულადი კომპენსაციის ოდენობას მიუთითებს თავად მოსარჩელე მხარე, მაგრამ ყოველ კონკრეტულ საქმეში არსებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, საბოლოოდ ოდენობას ადგენს სასამართლო.
ლევან ჯორბენაძე
2011 წლის 5 აგვისტო
Saturday, February 12, 2011
უნდა გადავიხადოთ თუ არა ძველი დავალიანება

2009 წელს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-მ წამოიწყო სარეკლამა კამპანია და თბილისის მოსახლეობას ამცნო „უპრეცედენტო აქციის“ შესახებ. აქცია მოიცავდა წყლის მიწოდების საფასურის გადაუხდელობით დაგროვილი დავალიანების შეღავათიანი რესტრუქტურიზაციის ერთჯერად მასშტაბურ პროგრამას! ბოლო ვადაც დააწესა 30 ივნისი. კომპანია საჩუქრების სიუხვითაც გამოირჩეოდა და აბონენტებს სთავაზობდა 20 პროცენტის ვალის ჩამოწერას და დარჩენილი ვალის 3 წელზე გადანაწილებას. სამწუხაროდ უმრავლესობამ აბონენტებისა არ იცის რა უფლებები გააჩნია და ბევრი მათგანი არც მიმართავს იურისტებს რჩევისთვის, იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს ზედმეტი ხარჯების გაღება. შესაბამისად კომპანიამ გარკვეულწილად თავის საწადელს მიაღწია და ნებაყოფლობით „აღიარებითი“ ხელშეკრულებების საფუძველზე ამოიღო უმრავლესობა მომხმარებლებისგან ძველი დავალიანება.
ბოლომდე ძველი დავალიანების თანხების „ამოქაჩვა“ ვერ მოხდა და უფრო მეტიც ზოგიერთი სოციალურად დაუცველი მომხმარებელი იმ მიმდინარე კომუნალურ გადასახადებს კვლავ ვერ იხდიდა, რომლის იძულებით ამოღებაც მომსახურების მიმწოდებლებს სრწაფად და ეფექტურად არ შეეძლოთ. მაგალითად მოცემულ შემთხვევაში სასმელი წყლის და დასუფთავების სერვისის მიწოდება.
2010 წლის 1 ოქტომბრისთვის პარლამენტმა მიიღო ცვლილება ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც გადაწყდა ადმინისტრირების ერთიანი სისტემის შექმნა. ამჯერად თბილისის ტერიტორიაზე ე.წ. ადმინისტრატორი ვალდებულია თუ თქვენ წყლის მიმწოდებელ კომპანიასთან და დასუფთავების სამსახურთან გაქვთ გადასახდელი „36 თვიანი" ხელშეკრულებით განწილვადებული გრაფიკის დარღვევით წარმოქმნილი დავალიანება ან არასრულად გადაიხადეთ მიმდინარე გადასახადი შეგიწყვიტოთ დენის მიწოდება.
კანონის მიღებიდან დაახლოებით 2 კვირაში, 2010 წლის 13 ოქტომბერს სემეკ-მა მიიღო გადაწყვეტილება და ადმინისტრატორად დანიშნა: სს "თელასი" და სს "ენერგო-პრო ჯორჯია".
2011 წლიდან მომსახურების გადასახადები გაზარდეს ორივე მიმწოდებელმა შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" და თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა.
ამავე დროს: 1. მოსახლეობისთვის თანადგომის სახით სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება 2011 წლის 10 თებერვლიდან ერთჯერადი 20 ლარიანი ენერგო ვაუჩერის გაცემის შესახებ. 2. სემეკ-მა ამავე გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" და თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური ვალდებული არიან მომხმარებლებთან დავალიანება არანაკლებ 36 თვეზე გადაანაწილონ.
მომხმარებელმა პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციოს იმ საკითხს, რომ თუ ის ე.წ. დავალიანების გადახდევინების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს - იგი აღიარებს ვალს და იძულებული გახდება შემდგომ სრულად დაფაროს.
ძირითადათ რა სარგებელი მოაქვს ყოველივეს სახელმწიფოსთვის და ამ კომპანიებისთვის: 1. მოხდება დავალიანების თითქმის სრულად ამოღება მოსახლეობიდან (ამჯერად ხისტი მეთოდით); 2. ადმინისტრატორმა კომპანიებმა შეიძლება მიიღონ დამატებითი შემოსავალი; 3. ადმინისტრირება უფრო ეფექტური გახდა (რადგან წყლის მიმწოდებელს და დასუფთავების სამსახურს არ აქვთ კონკრეტული ბერკეტი თავისი მომსახურების მიწოდება შეუწყვიტონ მომხმარებლებს, მაგალითად განსხვავებით გაზის და დენის მიმწოდებლებისგან ისინი ვერ ჩაჭრიან წყალს და დასუფთავებას); 4. წყლის მიმწოდებელი და დასუფთავების სამსახური დაზოგავენ ზედმეტ ხარჯებს (მაგალითად მათ გადასახადების ამოღების მიზნით ადრე სასამართლოს გადაწყვეტილებების მოპოვება ჭირდებოდათ იძულებით, რომ დაეწყოთ დავალიანების ამოღება); 5. მკაცრი ხელის ერთი მოსმით დაინერგება „გადასახადის გადახდის კულტურა“.
მომხმარებლის სარგებელი შეიძლება იყოს ის რომ: კეთილსინდისიერი გადამხდელი დაცული იქნება და მას ხარისხიანი მომსახურების მიწოდების მოლოდინი ექნება.
რამდენად კანონიერი და სამართლიანია: 1. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონში დამატებით ჩაიწერა, რომ ერთ-ერთი კომუნალური გადასახადის გადახდის გამო ელექტროენერგიის ჩაჭრა „არ არის ადმინისტრატორის მიერ მომხმარებლის წინაშე სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევა“. ე.ი. სახელმწიფო პირდაპირ ჩაერია კერძო პირებს შორის უკვე დადებულ ხელშეკრულებაში, შეიტანა ცვლილებები და უფრო მეტიც თქვა, რომ ეს ყველაფერი ხელშეკრულების დარღვევად არ უნდა ჩაითვალოს. 2. საინტერესოა დასუფთავების სამსახურისთვის ცვლილებების შეტანა ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონში. ამავე კანონის მიზნებიდან გამომდინარე კანონი არ ვრცელდება დასუფთავების სამსახურის საქმიანობასა და ურთიერთობებზე. დასუფთავების სამსახური იყო თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული და 2011 წლის იანვრიდან ამჟამადაც საბიუჯეტო დაწესებულებაა და ექვემდებარება თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს. განსახვავებით შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა", რომელიც კერძო კომპანიაა. 3. დასუფთავების სამსახურის საქმიანობისა და მის ურთიერთობების განსაზღვრა არც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მოწესრიგების სფეროს განეკუთვნება.

კვლავ აქტუალურია კითხვა უნდა გადაიხადოს თუ არა ძველი დავალიანება მომხმარებელმა (აბონენტმა): ის აბონენტები რომლებსაც ძველი დავალიანება აქვთ სულ მცირე 3 წლის წინანდელი - მომსახურების მიმწოდებელი კომპანია ვერ დაავალდებულებს ვერცერთ აბონენტს გადაიხადოს. კანონმდებლობით კომპანიას არ შეუძლია დაავალდებულოს აბონენტი და რაიმე იძულების წესით ამოიღოს ძველი დავალიანება. პირიქით კომპანია ვალდებული იყო საერთოდ ჩამოეწერა ვალები ზემოთ აღნიშნული კატეგორიის აბონენტებისათვის.
2011 წლიდან სიტუაცია მართლაც მკაცრია. მომხმარებელს შეუძლია მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებების დასაცავად და ძველი დავალიანების ჩამოსაწერად, მაგრამ ამჯერად დენის გათიშვის შემთხვევაში თუ ეს ქმედება არ აეკრძალა ე.წ. ადმინისტრატორს მაშინ მომხმარებელი უკიდურეს მდგომარეობაში ვარდება. ელექტროენერგიის გარეშე ყოფნა გაუსაძლისი გახდება და აბონენტი ყველაფერზე წავა...
ლევან ჯორბენაძე
2011 წლის 12 თებერვალი