2009 წელს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-მ წამოიწყო სარეკლამა კამპანია და თბილისის მოსახლეობას ამცნო „უპრეცედენტო აქციის“ შესახებ. აქცია მოიცავდა წყლის მიწოდების საფასურის გადაუხდელობით დაგროვილი დავალიანების შეღავათიანი რესტრუქტურიზაციის ერთჯერად მასშტაბურ პროგრამას! ბოლო ვადაც დააწესა 30 ივნისი. კომპანია საჩუქრების სიუხვითაც გამოირჩეოდა და აბონენტებს სთავაზობდა 20 პროცენტის ვალის ჩამოწერას და დარჩენილი ვალის 3 წელზე გადანაწილებას. სამწუხაროდ უმრავლესობამ აბონენტებისა არ იცის რა უფლებები გააჩნია და ბევრი მათგანი არც მიმართავს იურისტებს რჩევისთვის, იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს ზედმეტი ხარჯების გაღება. შესაბამისად კომპანიამ გარკვეულწილად თავის საწადელს მიაღწია და ნებაყოფლობით „აღიარებითი“ ხელშეკრულებების საფუძველზე ამოიღო უმრავლესობა მომხმარებლებისგან ძველი დავალიანება.
ბოლომდე ძველი დავალიანების თანხების „ამოქაჩვა“ ვერ მოხდა და უფრო მეტიც ზოგიერთი სოციალურად დაუცველი მომხმარებელი იმ მიმდინარე კომუნალურ გადასახადებს კვლავ ვერ იხდიდა, რომლის იძულებით ამოღებაც მომსახურების მიმწოდებლებს სრწაფად და ეფექტურად არ შეეძლოთ. მაგალითად მოცემულ შემთხვევაში სასმელი წყლის და დასუფთავების სერვისის მიწოდება.
2010 წლის 1 ოქტომბრისთვის პარლამენტმა მიიღო ცვლილება ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც გადაწყდა ადმინისტრირების ერთიანი სისტემის შექმნა. ამჯერად თბილისის ტერიტორიაზე ე.წ. ადმინისტრატორი ვალდებულია თუ თქვენ წყლის მიმწოდებელ კომპანიასთან და დასუფთავების სამსახურთან გაქვთ გადასახდელი „36 თვიანი" ხელშეკრულებით განწილვადებული გრაფიკის დარღვევით წარმოქმნილი დავალიანება ან არასრულად გადაიხადეთ მიმდინარე გადასახადი შეგიწყვიტოთ დენის მიწოდება.
კანონის მიღებიდან დაახლოებით 2 კვირაში, 2010 წლის 13 ოქტომბერს სემეკ-მა მიიღო გადაწყვეტილება და ადმინისტრატორად დანიშნა: სს "თელასი" და სს "ენერგო-პრო ჯორჯია".
2011 წლიდან მომსახურების გადასახადები გაზარდეს ორივე მიმწოდებელმა შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" და თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა.
ამავე დროს: 1. მოსახლეობისთვის თანადგომის სახით სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება 2011 წლის 10 თებერვლიდან ერთჯერადი 20 ლარიანი ენერგო ვაუჩერის გაცემის შესახებ. 2. სემეკ-მა ამავე გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" და თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური ვალდებული არიან მომხმარებლებთან დავალიანება არანაკლებ 36 თვეზე გადაანაწილონ.
მომხმარებელმა პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციოს იმ საკითხს, რომ თუ ის ე.წ. დავალიანების გადახდევინების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს - იგი აღიარებს ვალს და იძულებული გახდება შემდგომ სრულად დაფაროს.
ძირითადათ რა სარგებელი მოაქვს ყოველივეს სახელმწიფოსთვის და ამ კომპანიებისთვის: 1. მოხდება დავალიანების თითქმის სრულად ამოღება მოსახლეობიდან (ამჯერად ხისტი მეთოდით); 2. ადმინისტრატორმა კომპანიებმა შეიძლება მიიღონ დამატებითი შემოსავალი; 3. ადმინისტრირება უფრო ეფექტური გახდა (რადგან წყლის მიმწოდებელს და დასუფთავების სამსახურს არ აქვთ კონკრეტული ბერკეტი თავისი მომსახურების მიწოდება შეუწყვიტონ მომხმარებლებს, მაგალითად განსხვავებით გაზის და დენის მიმწოდებლებისგან ისინი ვერ ჩაჭრიან წყალს და დასუფთავებას); 4. წყლის მიმწოდებელი და დასუფთავების სამსახური დაზოგავენ ზედმეტ ხარჯებს (მაგალითად მათ გადასახადების ამოღების მიზნით ადრე სასამართლოს გადაწყვეტილებების მოპოვება ჭირდებოდათ იძულებით, რომ დაეწყოთ დავალიანების ამოღება); 5. მკაცრი ხელის ერთი მოსმით დაინერგება „გადასახადის გადახდის კულტურა“.
მომხმარებლის სარგებელი შეიძლება იყოს ის რომ: კეთილსინდისიერი გადამხდელი დაცული იქნება და მას ხარისხიანი მომსახურების მიწოდების მოლოდინი ექნება.
რამდენად კანონიერი და სამართლიანია: 1. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონში დამატებით ჩაიწერა, რომ ერთ-ერთი კომუნალური გადასახადის გადახდის გამო ელექტროენერგიის ჩაჭრა „არ არის ადმინისტრატორის მიერ მომხმარებლის წინაშე სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევა“. ე.ი. სახელმწიფო პირდაპირ ჩაერია კერძო პირებს შორის უკვე დადებულ ხელშეკრულებაში, შეიტანა ცვლილებები და უფრო მეტიც თქვა, რომ ეს ყველაფერი ხელშეკრულების დარღვევად არ უნდა ჩაითვალოს. 2. საინტერესოა დასუფთავების სამსახურისთვის ცვლილებების შეტანა ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონში. ამავე კანონის მიზნებიდან გამომდინარე კანონი არ ვრცელდება დასუფთავების სამსახურის საქმიანობასა და ურთიერთობებზე. დასუფთავების სამსახური იყო თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული და 2011 წლის იანვრიდან ამჟამადაც საბიუჯეტო დაწესებულებაა და ექვემდებარება თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს. განსახვავებით შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა", რომელიც კერძო კომპანიაა. 3. დასუფთავების სამსახურის საქმიანობისა და მის ურთიერთობების განსაზღვრა არც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მოწესრიგების სფეროს განეკუთვნება.
კვლავ აქტუალურია კითხვა უნდა გადაიხადოს თუ არა ძველი დავალიანება მომხმარებელმა (აბონენტმა): ის აბონენტები რომლებსაც ძველი დავალიანება აქვთ სულ მცირე 3 წლის წინანდელი - მომსახურების მიმწოდებელი კომპანია ვერ დაავალდებულებს ვერცერთ აბონენტს გადაიხადოს. კანონმდებლობით კომპანიას არ შეუძლია დაავალდებულოს აბონენტი და რაიმე იძულების წესით ამოიღოს ძველი დავალიანება. პირიქით კომპანია ვალდებული იყო საერთოდ ჩამოეწერა ვალები ზემოთ აღნიშნული კატეგორიის აბონენტებისათვის.
2011 წლიდან სიტუაცია მართლაც მკაცრია. მომხმარებელს შეუძლია მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებების დასაცავად და ძველი დავალიანების ჩამოსაწერად, მაგრამ ამჯერად დენის გათიშვის შემთხვევაში თუ ეს ქმედება არ აეკრძალა ე.წ. ადმინისტრატორს მაშინ მომხმარებელი უკიდურეს მდგომარეობაში ვარდება. ელექტროენერგიის გარეშე ყოფნა გაუსაძლისი გახდება და აბონენტი ყველაფერზე წავა...
ლევან ჯორბენაძე
2011 წლის 12 თებერვალი
No comments:
Post a Comment