Thursday, January 7, 2010

ახალი სასამართლო განაცხადების ფორმები

სარჩელის, შესაგებლის, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების ფორმები პირველად 2008 წლის იანვრიდან გამოჩნდა.

ამჟამად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 8 დეკემბრის #1/456–ე გადაწყვეტილებით დამტკიცდა სარჩელის, შესაგებლის, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების განახლებული ფორმები, რომელიც ამოქმედდა 2010 წლის 1 იანვრიდან.

აღნიშნულმა სასამართლო ფორმებმა თავიდანვე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, როგორც საზოგადოებაში ასევე იურისტებს შორის, მაგრამ არანაკლებ გაუცხოებას იწვევს ამჟამად ნაჩქარევად შემუშავებული და მოქმედი „ფორმებიც“.

საინტერესოა ზოგადად რა უპირატესობები შეიძლება ქონდეს სასამართლოსადმი მიმართვის ასეთი ფორმების შემოღებას, როგორც მხარეებისათვის ასევე სასამართლოსთვის. ძირითადი მიზანი ალბათ სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება და მოსამართლეებისათვის საქმის გარკვევა-განხილვის უფრო მეტად გაადვილება.

ამავედროს არის მნიშვნელოვანი განსხვავებება ძველსა და ახალ ფორმებს შორის შინაარსობრივი თვალსაზრისითაც და ტექნიკური კუთხითაც.

თუ ძველი ფორმის შევსება შეიძლებოდა, როგორც ხელით ასევე ელექტრონული სახით დღეის მდგომარეობით ახლის შევსება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფორმით. იუსტიციის საბჭოს ვებ-გვერდი გვაუწყებს: „გაითვალისწინეთ ის გარემოება, რომ ელექტრონულ ფორმატში ჩაბეჭდვა შესაძლებელია მინიმუმ Microsoft word 2003-ში“. მაგრამ რა თქმა უნდა კარგია, რომ ქონდეთ Microsoft word 2007-ი. აქვე რაიმე უხერხულება ხომ არ არის, რატომ უნდა გვქონდეს Microsoft word-ი და რატომ არ შეიძლება სხვა ალტერნატიული ფორმით მისი შევსება? შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ Microsoft Corporation-თან დადო „ექსკლუზიური ხელშეკრულება“?

რამდენადაც ცნობილია ცვლილება არ შესულა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლშიც, რომლის მე-2 პუნქტში წერია, რომ „სარჩელი (განცხადება) შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით და უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს“. „როგორც წესი“ - წესით არ უნდა გამორიცხავდეს სასამართლოსადმი მიმართვას ხელნაწერი ფორმითაც.

ტექნიკური თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ სარჩელის, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების, შესაგებლის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც - შესაძლებელია სარჩელის ატვირთვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდიდან ან მისი გაგზავნა პირდაპირ ელექტრონულ ფოსტაზე ყველა ინსტანციის სასამართლოში. შინაარსობრივად და შემოქმედებითი თვალსაზრისით კი იგი უფრო მეტად ზღუდავს განმცხადებელს წინამორბედი ფორმებისგან განსხვავებით.

იმისათვის, რომ განმცხადებელს გაუადვილდეს ფორმის შევსება თითქმის ყველა გვერდზე არსებობს „შენიშვნები“, რომელზეც „მაუსის ისარი“ უნდა მივიტანოთ, რომ ვიხილოთ გარკვეული ინსტრუქცია ფორმის სწორად შევსებისათვის. „ინსტრუქცია“ მათ შორის გვამცნობს, რომ მაგალითისთვის შეგვიძლია ვიხილოთ ასევე „სანიმუშო ფორმა“ თუ როგორ შევავსოთ მეტად მართებულად ესა თუ ის ველი, მაგრამ ამჟამად არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და არც საერთო სასამართლოების ვებ-გვერდებზე ჩანს ამ სანიმუშო ფორმის ასავალ-დასავალი.

ფორმებთან დაკავშირებით საქმიანი შენიშვნებისათვის მითითებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ტელეფონიც, რომელსაც არასოდეს არავინ პასუხობს. გამოსავალი მხოლოდ ერთადერთია, რომ ელექტრონულ ფოსტაზე გააგზავნოთ თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები, მაგრამ პასუხს ან უბრალოდ მადლობას თქვენი საქმიანი შენიშვნებისათვის, არც იქიდან უნდა ელოდოთ.

http://www.facebook.com/topic.php?uid=203705526783&topic=14813

ლევან ჯორბენაძე

2010 წლის 7 იანვარი

1 comment: