Saturday, January 19, 2013

როგორ მოვირგოთ კანონი


საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, 90-იანი წლებიდან მრავალი ათეული წელია უკვე ჩამოყალიბებული „კარგად მორგებული” და არადემოკრატიული პრაქტიკაა კანონის მორგება ხელისუფლებაში არსებულ ცალკეული თანამდებობის პირებს თუ მათი „გუნდის“ საკუთარ ინტერესებზე. 

რაც მთავარია კანონის მორგება ისე უნდა შეიფუთოს და განხორციელდეს, რომ საკუთარი ინტერესების ასახვა „კანონიერი“ იყოს. კარგად მორგებული პრაქტიკა და ცდუნებაა ხელისუფლებაში მოსულმა პირებმა კანონი მოარგონ ცალკეულ პიროვნებებს და მათ ნებაზე ამუშავონ და არა კანონმა ამუშავოს სისტემა. ამ შემთხვევაში არაფერი დაშავდება თუ ზოგჯერ ქვეყნის უმაღლეს კანონში - კონსტიტუციაშიც იქნება ურთიერთსაწინააღმდეგო მუხლები (კონსტიტუციური ნორმები) ან არსებულ რეალობასთან არ იქნება შესაბამისობაში.

მაგალითად საქართველოს უმაღლესი კანონი კონსტიტუცია, რომელიც 1995 წლის აგვისტოს იყო მიღებული 2000 წლიდან დღემდე არაერთხელ შეიცვალა. 2006 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ერთ-ერთი ცვლილებების დროს კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ პარლამენტის მორიგი (50-ე მუხლის მე-21 პუნქტი) არჩევნები ჩატარდებოდა ოქტომბერში. ანალოგიური ცვლილება შეეხო პრეზიდენტის არჩევნებსაც, რომელიც ამჟამად ასევე ოქტომბერში უნდა ჩატარდეს (70-ე მუხლის მე-9 პუნქტი). შედეგად კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, შეიძლება ითქვას ანტიკონსტიტუციურად, რეალურად გახანგრძლივდა, როგორც პარლამენტის ასევე პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები: პარლამენტის 5 თვით და პრეზიდენტის დაახლოებით 10 თვით. წინა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა 2008 წლის მაისში, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2008 წლის იანვარში. საბოლოო ჯამში რეალურად პარლამენტს უფლებამოსილების ვადა 4 წელი და 5 თვე და პრეზიდენტს კი 5 წელი და 10 თვე გამოუვიდა. კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 5 წელია, ხოლო პარლამენტის 4 წელი.  

2009 წლის ზაფხულში კონსტიტუციაში მორიგი ფუნდამენტური ცვლილებების შეტანის მიზნით პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, მის თავჯდომარედ კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი აირჩა. კომისიის ძირითადი ამოცანა იყო „ქვეყნის თანამედროვე, მდგრადი და სტაბილური განვითარების, სამართლის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის ცივილური ურთიერთობების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი შინაარსის კონსტიტუციური კანონის პროექტის მომზადება”. კომისიის მუშაობაში ამ დარგის არაერთმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო პროფესიონალმა მიიღო მონაწილეობა და რადგან კომისიის ჩამოყალიბება ქვეყნის მაშინდელ მმართველ პარტიასთან ასოცირდებოდა თავდაპირველად ასევე არაერთმა ამ სფეროს ექსპერტმა უარი თქვა თანამშრომლობაზე. კონსტიტუციაში არსებული პარლამენტის და პრეზიდენტის ვადებთან დაკავშირებული ხარვეზის გამოსწორება, არც ამ კომისიას უცდია, უფრო მეტიც კონსტიტუციის არაერთ მუხლს დაემატა სპეციალური ჩანაწერი, რომ ესა თუ ის მუხლი უნდა ამოქმედდეს „2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან”.

როგორც აღმოჩნდა კონსტიტუციის დარღვევა ყველას აწყობს..." - 2012 წლის თებერვალს განაცხადა საქართველოში მოქმედმა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალი თაობა-ახალი ინიციატივა"-ს ხელმძღვანელმა პარლამენტის და პრეზიდენტის არჩევნების ვადებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში.  

აგრეთვე მთავარია კანონის მორგებისთვის პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული, რომ სიმწრით ნაშენები სახელმწიფო თავზე არ ჩამოექცეს საზოგადოებას. საზოგადოებას აშკარად მორგებულ ცვლილებებთან ქონდა საქმე, როდესაც 2012 წლის 22 მაისს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა კონსტიტუციაში და დროებით 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მიანიჭა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეებს. მოცემული საკონსტიტუციო ცვლილება განხორციელდა მას შემდეგ, როდესაც მაშინდელ მომავალ პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა ’ჩამოერთვა’. ამგვარად საზოგადოებაში ეს ცვლილებები ასოცირდება პოლიტიკურად (საარჩევნოდ) განცხადებული მიზნების მქონე პირისთვის განხორციელებულ ცვლილებებად.

2012 წლის ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებამდე „ბანკი ქართუ”-ს ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ პარლამენტმა ბანკების საზიანო საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო და ახალი ცვლილებების აღსრულება მხოლოდ „ბანკი ქართუ”-ს წინააღმდეგ უნდა განხორციელებულიყო. „პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფოს უფლება ექნებოდა აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული”.
დღევანდელი მდგომარეობით, როგორც ჩანს კანონის მორგების პრაქტიკა, არც ახალი მმართველი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეცვლილა. 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხელისუფლების ძირითადი შტოების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სადავეები გამარჯვებულ პარტიას დარჩა, მაგრამ სასამართლო ხელისუფლება (რომელიც ფაქტიურად დამოუკიდებელი და ბალანსის მომტანი უნდა იყოს) მიჩნეულია, რომ პოლიტიკური უმცირესობის (ყოფილი მმართველი პარტიის) გავლენის ქვეშაა, აგრეთვე მოქმედი პრეზიდენტი ამჟამად ოპოზიციური უმცირესობის გუნდის ლიდერია. ახალმა უმრავლესობამ მალე არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე მორგებისათვის ახალი კანონის პროექტები წარადგინა: სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში და ქვეყნის კონსტიტუციაში კვლავ ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც მომავალ შესაძლო სახელისუფლებო კრიზისის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. 2012 წლის დეკემბერს პარლამენტის დადგენილებით მორიგი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შეიქმნა.    

სახელმწიფო რესურსების ეფექტურად ხარჯვისათვის და მთავრობასთან ფიზიკური სიახლოვის მომიზეზებით ამჟამინდელი პოლიტიკური უმრავლესობა, რომელთა უმრავლესობა თბილისიდანაა, ასევე საზოგადოებაში აქტიურად განიხილავს პარლამენტის ქუთაისიდან ისევ თბილისში გადმოტანის საკითხს. ამ გადაწყვეტილების მიღებისათვის, პარლამენტის ქუთაისში დარჩენა თუ თბილისში გადმოტანა რა სარგებელს ან ზიანს მოუტანს საზოგადოებას კონკრეტული არგუმენტები და ფინანსური გათვლა არავის წარმოუდგენია და საზოგადოებისათვის უცნობია.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლების მიერ, არაერთი ყოფილი მაღალი თანამდებობის მქონე საჯარო მოხელის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. მთავარი პროკურორის ინიციატივით ახალი კანონის პროექტი მომზადდა, რომელიც პარლამენტს 2013 წლის იანვარში წარედგინა. პროექტის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა გაფართოვდება: პროკურორის გადაწყვეტილებით ნაფიცი მსაჯულები იმ საქმეებს განიხილავენ, როდესაც სისხლის სამართლის საქმეები ყოფილ ან მოქმედ თანამდებობის პირებს უკავშირდება.  

კანონის მორგების ნახსენები კონკრეტული მაგალითები მხოლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია იმ შემთხვევებისა, რასაც საზოგადოება უკვე მრავალი წელია აშკარად ხედავს. დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოების მოლოდინი მისთვის კონკრეტული სარგებლობის მომტანი და მდგრადი სისტემის შექმნაა. თუ კანონი მითუმეტეს ქვეყნის უმაღლესი კანონი ხშირად არ შეიცვლება და კანონები ამუშავებს სისტემას და არა პირიქით პიროვნებები მაშინ ეს სისტემა მდგრადი და განვითარებული იქნება და არ იქნება მერყევი და დამოკიდებული ცალკეული პირების კონფორმიზმზე და ზოგჯერ მათ პირად სურვილებზე.  

ლევან ჯორბენაძე
2013 წლის 19 იანვარი

No comments:

Post a Comment