Thursday, July 22, 2010

საკუთრების უფლება და სტრასბურგის სასამართლოს 2010 წლის ორი გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2010 წლის 29 აპრილს საქმეში საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ და 2010 წლის 4 მაისს ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ გამოიტანა ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საკუთრების უფლების დარღვევასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფო არღვევს საკუთრების უფლებას, რომელიც არის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტური ადამიანის უფლება და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის 1 მუხლით: „ყოველ ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება“.

აღნიშნულ საქმეებში დავა საქართველოს წინააღმდეგ მოიგეს ფიზიკურმა პირებმა. ორივე საქმეში სასამართლომ გადაწყვიტა, რომ სახელმწიფოს მათთვის ჩამორთმეული საკუთრება უნდა დაებრუნებინა და მიეცა, როგორც მატერიალური ასევე მორალური ზიანისთვის შესაბამისი კომპენსაცია.


საქმე I

CASE OF SAGHINADZE AND OTHERS v. GEORGIA

(Application no. 18768/05)

გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტების მიხედვით:

საქმეში საღინაძე და სხვები მოსარჩელეები (განმცხადებლები) იყვნენ აფახაზეთიდან დევნილი ოჯახი-ძირითადათ მეუღლეები და შვილები, რომლებსაც სასამართლოში წარმოადგენდნენ პრაქტიკოსი ადვოკატები თბილისიდან.

ბ.საღინაძე ჯერ კიდევ კონფლიქტამდე მუშაობდა აფახაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე. 1992-93 წლებში კონფლიქტის დროს იძულებული გახდა მთელი ოჯახი სხვა დაახლოებით 300 000 მოსახლესთან ერთად დაეტოვებინა ტერიტორია.

თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, 1994 წლის იანვარში აღნიშნული ოჯახის ერთ-ერთ წევრს ბ.საღინაძეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა შესთავაზა თანამდებობა - სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსობა. მოსარჩელე დათანხმდა შეთავაზებას. მინისტრის ბრძანების საფუძველზე მოსარჩელემ მიიღო თავშესაფარიც სამინისტროს კუთვნილი საკუთრებიდან, რადგან მას და მის ოჯახს, როგორც დევნილებს აფხაზეთიდან არ ქონდათ საცხოვრებელი ადგილი. კოტეჯი მდებარეობდა თბილისში, ავჭალაში. ოჯახმა დაიწყო ცხოვრება აღნიშნულ ფართში და ეწეოდა შინა მეურნეობას.

1998 წელს მოსარჩელე განთავისუფლდა თანამდებობიდან. 2000 წლის 20 აპრილს შს მინისტრმა გამოსცა აქტი, რომელიც ადასტურებდა კოტეჯის მართლზომიერ მფლობელობას.

2003 წლის ნოემბრის ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსარჩელე ბ.საღინაძე კვლავ მიიწვიეს შსს-ში სამუშაოდ. ახალ დანიშნულმა შს მინისტრმა მოსარჩელე, როგორც გამოცდილი მუშაკი მაღალ თანამდებობაზე დანიშნა და სთხოვა ლევან კალაძის საქმის გამოძიება. ლევან კალაძე ცნობილი ფეხბურთელის კახი კალაძის ძმა იყო, რომელიც გაიტაცეს და საქმე 2001 წლის შემდეგ ჩიხში იყო მოქცეული.

მოსარჩელემ დამოუკიდებელ საგამოძიეობა ჯგუფთან ერთად რამოდენიმე თვეში წარმატებით გამოიძია საქმე და მალე ყველაფერი ნათელი გახდა საზოგადოებისთვის. მოსარჩელის მიხედვით, რომელიც აღნიშნულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა საქმეში „ცოტა ღრმად შევიდა“ და ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირები გააღიზიანა. საქმეში ამოტივტივდა კორუფციული საკითხები, რომელიც საქართველოს ფეხბურთს ეხებოდა. გაღიზიანდა იმ დროისთვის გენერალური პროკურორი ბატონი ი.ო. (საქმეში მისი ინიციალები არის გამოყენებული, მაგრამ ნათელია, რომ აქ ლაპარაკია ირაკლი ოქრუაშვილზე) და 2004 წლის 30 მარტს მან პირადად მოითხოვა მოსარჩელის საქმიდან ჩამოცილება.

2004 წლის ივნისს, როდესაც გენერალური პროკურორი ბატონი ი.ო. გახდა შს მინისტრი, მან მოსარჩელე 2004 წლის 26 ივნისვე ჩამოაცილა კალაძის საქმეს და სამსახურიდან „ღირსების შემლახავი“ მეთოდით დაითხოვა.

საქმე სამსახურიდან განთავისუფლებით არ დამთავრებულა. მინისტრმა გამოსცა „ზეპირი ბრძანება“, რომ მოსარჩელე თავისი ოჯახიანად გაესახლებინათ დაკავებული კოტეჯიდან. პირველი რამოდენიმე მცდელობის შემდეგ პოლიციამ ვერ შეძლო ოჯახის გამოსახლება, რადგან არ ქონდა სასამართლოს გადაწყვეტილება. საბოლოოდ შეიარაღებულმა პოლიციამ მოსარჩელის და მისი ოჯახის გამოსახლება შეძლო.

მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს. პირველი ინსტანციის, მაშინდელმა მთაწმინდა-კრწანისის სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და გადაწყვიტა, რომ გამოსახლება იყო უკანონო და იგი უძრავი ქონების კეთილსინდისიერი მფლობელი იყო. გადაწყვეტილება გაასაჩივრეს შსს-ს იურისტებმა. სააპელაციო და შემდეგ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე შემთხვევაში შსს-ს სასარგებლო აღმოჩნდა, სადაც პირიქით მოსარჩელე არაკეთილსინდისიერ მფლობელად ჩაითვალა. ორივე, როგორც სააპელაციო ასევე საკასაციო სასამართლოში სამიდან ერთ-ერთ მოსამართლეს მაინც განსახვავებული აზრი ქონდა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა მისი საქმის სამართლიან განხილვაზე. განსაკუთრებით ყურადღება მიექცა საქართველოს სასამართლოების კანონის თეორიულ გამოყენებას და ასევე ყურადღება მიექცა ისტორიულ წარსულსაც აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით: სასამართლოს მიაჩნია, რომ ყველაზე შესაბამისი რესტიტუცია მოსარჩელისათვის იქნება საცხოვრებელი კოტეჯის დაბრუნება, რაც საბოლოოდ საშუალებას მისცემს მის უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას საქართველოს აფხაზეთში.

საბოლოოდ ადამინის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მოსარჩელეს მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციით განსაზღვრული უფლებები:

  1. თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება (მე-5 მუხლი)
  2. პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება (მე-8 მუხლი)
  3. საკუთრების დაცვა (კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი)

ამგვარად მოსარჩელეს ბ.საღინაძეს საქართველომ უნდა:

  1. დაუბრუნოს კოტეჯი. თუ ამჟამად მისი დაბრუნება შეუძლებელი გახდება გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია (თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ სასამართლო რამოდენიმე თვეში თავად განსაზღვრავს თანხას)
  2. მორალური ზიანისთვის გადაუხადოს 15 000 (თხუთმეტიათასი) ევრო
  3. საქმის ხარჯებისთვის გადაუხადოს 752 (შვიდასორმოცდათორმეტი) ევრო


საქმე II

CASE OF TCHITCHINADZE v. GEORGIA

(Application no. 18156/05)

გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტების მიხედვით:

საქმეში ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ მოსარჩელე (განმცხადებელი) მხარე იყო სულხან ჭიჭინაძე, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. აჭარაში, ქალაქ ბათუმში მას ქონდა საკუთრებაში უძრავი ქონება, სახლი მაზნიაშვილის ქუჩაზე.

1994 წლის 8 აპრილს მოსარჩელესა და ბატონ გ.-ს (შემდგომ აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე) შორის დაიდო ხელშეკრულება აღნიშნული სახლის ნასყიდობის შესახებ, რომელიც ასევე ნოტარიალურად დადასტურდა. მოსარჩელე აცხადებდა, რომ ადგილი ქონდა გავლენიანი ჩინოვნიკის - ბატონი გ.-ს მხირდან მუდმივ „ზეწოლა“-ს საკუთრების გაყიდვასთან დაკავშირებით, ამიტომ იძულებული გახდა გაეყიდა სახლი და თავის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადასულიყო რუსეთის ფედერაციაში.

2004 წლის მაისს აჭარაში ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის საყოველთაოდ ცნობილი დაძაბულობის საფუძველზე, საქართველო სხვა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დატოვა ასევე ბატონმა გ.-მაც.

2004 წლის ივნისს მოსარჩელემ მიმართა სამოქალაქო სარჩელით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნით. მოსარჩელე აცხადებდა, რომ ხელშეკრულება დაიდო ძალადობით და იგი იძულებული გახდა აღნიშნული ჩინოვნიკისათვის ძალიან „სასაცილო“ ფასად მიეყიდა ქონება. 2004 წლის 30 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მისი საკუთრების დაბრუნების შესახებ.

ამავე დროს, 2004 წლის 25 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ბატონი გ.-ს მიმართ და პროკურორმა მოითხოვა მისი, როგორც დამნაშავისათვის მთელი უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა. მათ შორის იყო მოსარჩელე ს.ჭიჭინაძის ქონებაც მაზნიაშვილის ქუჩაზე. აღნიშნული ქონება პროკურორის მიერ წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით შეფასდა 50 000 (ორმოცდაათიათას) ლარად.

რეალურად ქონება ჩამოერთვა არა სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილ ჩინოვნიკს არამედ მოსარჩელეს. საქმის განხილვა და „გაუგებრობის“ გარკვევა თავიდან დაიწყო.

მოსარჩელე ს.ჭიჭინაძემ თავისი პირადი საკუთრება ვერ დაიბრუნა, ამიტომ საქართველოში შიდა რესურსების უშედეგო ამოწურვის შემდეგ 2005 წლის 15 აპრილს მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

საბოლოოდ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მოსარჩელეს მიმართ დაირღვა კონვენციით განსაზღვრული უფლებები:

  1. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება (მე-6 მუხლი)
  2. საკუთრების დაცვა (კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი)

ამგვარად მოსარჩელეს ს.ჭიჭინაძეს საქართველომ უნდა:

  1. დაუბრუნოს საკუთრება. თუ ამჟამად მისი დაბრუნება შეუძლებელი გახდება გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია (თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ სასამართლო რამოდენიმე თვეში თავად განსაზღვრავს თანხას)
  2. გადაუხადოს მორალური ზიანისთვის 5000 (ხუთიათასი) ევრო


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის მიღებული ორივე გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია საკუთრების უფლების დაცვის გარანტიის მხრივ და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სტრასბურგის სასამართლოს მნიშვნელობას საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვის გარანტიების თვალსაზრისით. ასევე, საქმეში საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ სასამართლომ გაითვალისწინა სახელმწიფოს ისტორიული წარსული აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, როდესაც აშკარად მიუთითა, რომ: ‘სასამართლოს მიაჩნია, რომ ყველაზე შესაბამისი რესტიტუცია განმცხადებლისათვის იქნება საცხოვრებელი კოტეჯის დაბრუნება, რაც საბოლოოდ საშუალებას მისცემს მის უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას საქართველოს აფხაზეთში’.

მეორეს მხრივ ორივე გადაწყვეტილების ერთმანეთთან დაკავშირება და პარალელების გავლება ადვილად შეიძლება. ორივე გადაწყვეტილებას ახასიათებს ძალიან ბევრი საერთო, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის არ არის უცხო.

მაგალითად: ორივე გადაწყვეტილებაში ნათლად ჩანს მაღალი თანამდებობის პირების უკანონო და არასამართლიანი დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ, უზენაესი კანონის - საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებების პატივისცემის არაფრად მიჩნევა, მენტალური პრობლემები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სამართლის თეორიაში არსებულ მოსაზრებას, რომ ხელისუფლება რყვნის.

მოცემული გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ მძლავრად შეგვახსენებს საზოგადოებას, რომ საჭიროა მეტი ცვლილება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ხელშეწყობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის უფლებების დარღვევა გაცილებით ძვირი „სიამოვნება“ უჯდება ყოველ ჩვენთაგანს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მოქალაქეს იმ სახელმწიფოსი, რომელიც 1999 წლიდან ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანაა.

ლევან ჯორბენაძე

2010 წლის 22 ივლისი

No comments:

Post a Comment