საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის დეკემბერში მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ცვლილებები შევიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსში და სამოქალაქო საქმეებზე პირველად საქართველოში 2012 წლის 1 იანვრიდან „თეორიულად“ ამოქმედდა სასამართლო მედიაცია.
მაგრამ დღეის მდგომარეობით კანონში დამატებული თავი XXI1-ის პირველივე მუხლიდან ნათლად ჩანს, რომ ჯერჯერობით უკვე მიღებულ კანონი ვერ განხორციელდება, რადგან ამ ეტაპზე არ არის განსაზღვრული ვინ უნდა იყოს კონკრეტულად მედიატორი, ვის უნდა გადაეცეს საქმე განსახილველად.
კანონით ამჯერად მხოლოდ მოწესრიგდა სასამართლო მედიაციის პროცედურები, რომ სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემდეგ სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული საქმე დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით შეიძლება გადაეცეს მედიატორს, რომელიც შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიულ პირი.
სასამართლო მედიაცია გამოიყენება საოჯახო, სამემკვიდრეო, სამეზობლო დავებზე მათ შორის ნებისმიერ დავაზე თუ ორივე მხარე თანახმაა. სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებისათვის მედიაციის გამოყენების შესახებ არ გასაჩივრდება.
ზოგადად მედიაციის ინსტიტუტის, როგორც დავის განხილვის ალტერნატიული საშუალების და სისტემის დანერგვისათვის საფუძვლების შექმნა მნიშვნელოვანია: იზოგება სახელმწიფო ფინანსური და ადამიანური რესურსები, ორივე მხარისათვის მომგებიანია - მხარეები ერთმანეთთან ურთიერთობებს ინარჩუნებენ, სახელმწიფო სასამართლოსთან შედარებით დავის გადაწყვეტისათვის სწრაფი საშუალებაა, კონფიდენციალურია, საზოგადოებაში ადამიანები მათ შორის წარმოშობილ კონფლიქტს სახელმწიფოს ჩარევის გარეშე თავად აგვარებენ გაწერილი ნორმების მიხედვით და სხვა. იმისათვის, რომ დავის მხარეთა შორის მედიაციის გამოყენებამ კონკურენცია გაუწიოს სასამართლოს ის ძირითადად ასამოქმედებელი კანონის მიხედვით იქნება: იაფი, კონფიდენციალური და სწრაფი.
უკვე მიღებული, მაგრამ ასამოქმედებელი კანონის მიხედვით
იაფი: მედიაციას დაქვემდებარებულ საქმეებზე მხარე სასამართლოში სარჩელის წარდგენის დროს გადაიხდის დავის საგნის ღირებულების 1%-ს, არანაკლებ 50 ლარს.
კონფიდენციალური: მედიატორს და მედიაციაში მონაწილე მხარეებს უფლება არ აქვთ გაამჟღავნონ ინფორმაცია (თუ მხარეები თავად არ შეთანხმდებიან სხვაგვარად).
სწრაფი: მინიმუმ მხარეები ორჯერ უნდა შეხვდნენ, მაგრამ მათ შეუძლიათ მორიგდნენ 45 დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს.
რამდენად ეფექტურად იქნება გამოყენებული მედიაციის ინსტიტუტი საქართველოში მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია: კანონის ავტორებზე, პრქტიკოსი იურისტების მონაწილეობაზე კანონშემოქმედებითი პროცესის დროს, საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტის გამჭვირვალე მუშაობაზე, რომ მისიღები კანონი მხოლოდ თეორიული არ დარჩეს და იგი მოქნილი, საზოგადოებისათვის სასარგებლო და განხორციელებადი იყოს.
ლევან ჯორბენაძე
2012 წლის 9 იანვარი
No comments:
Post a Comment