Tuesday, March 3, 2015

ინტერესთა ჯგუფები v. არასამთავრობო ორგანიზაციები

საქართველოს კონსტიტუციის მნიშვნელოვანი ნაწილია მე-5 მუხლით შექმნილი ფუნდამენტი საზოგადოებაში, რომლის მიხედვით „ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით“. ასევე კონსტიტუციის: 26-ე მუხლი ანიჭებს ყველას უფლებას შექმნას საკუთარი საზოგადოებრივი გაერთიანებები და იყოს მისი წევრი ან მონაწილე, 45-ე მუხლი კონსტიტუციაში მითითებულ ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს, მათი შინაარსის გათვალისწინებით განავრცობს აგრეთვე იურიდიულ პირებზეც.

არასამთავრობო ორგანიზაციები, იგივე NGO (non-governmental organization), სამოქალაქო საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი, საზოგადოებრივი გაერთიანება, ქართულად ასევე სამართლებრივი ფორმით და სახელწოდებით მოიხსენიებენ, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებად, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობით რეგისტრირებული არიან საჯარო რეესტრში. კანონმდებლობის მიხედვით შესაძლებელია არსებობდეს საინიციატივო ჯგუფები, იგივე არარეგისტრირებული კავშირები და სპონტანურად გაერთიანებული სხვა საზოგადოებრივი ერთობები.

საქართველოს მაგალითზეც შეიძლება ითქვას, რომ NGO-ები ან ნებისმიერი დამოუკიდებელი საზოგადოებრივი გაერთიანებები თავისი მისიიდან გამომდინარე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიულ საზოგადოებებში ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებისთვის. ტიპიურად NGO-ს და სხვადასხვა საზოგადოებრივი გაერთიანებების ძირითადი პროდუქტი არის საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა კონკრეტული მოქმედებებით და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზემოქმედების მოხდენით საზოგადოების ინტერესების დაცვა.   

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით 2015 წლის 2 მარტის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულია 20623 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მაგრამ რეალურად მოქმედი და აქტიური რამოდენიმე ასეული მათგანი შეიძლება იყოს.   

/NGO-ები/               
NGO-ებს უმეტეს შემთხვევაში გააჩნიათ იგივე მეწარმე და კომერციული ორგანიზაციებისათვის დამახასიათებელი, მაგრამ შედარებით სუსტი სტრუქტურიზებული მართვის და იერარქიის სისტემა, და გამოირჩევიან იმით, რომ არ არიან მოგებაზე ორიენტირებული. მათ აქვთ უფლება ქონდეთ საკუთარი შემოსავლები, რომელიც მიმართული უნდა იყოს ისევ ორგანიზაციის მისიისთვის მოხმარებაზე. კვლევების მიხედვით საქართველოში NGO-ების დაფინანსების - გრანტების წყაროს საერთაშორისო დონორები წარმოადგენენ, რომლებიც თავის მხრივ არიან საერთაშორისო სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხო ქვეყნის კერძო ფონდები და საწარმოები. NGO-ების თანამშრომლებს ხშირ შემთხვევაში წარმოადგენენ სტუდენტები, ახალგაზრდა პროფესიის არმქონე, დამწყები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები და ზოგ შემთხვევებში გამოცდილი პროფესიონალებიც. 

საქართველოს რეალობაში ხშირ შემთხვევებში NGO-ები ასოცირდებიან ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის და ციხეებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მებრძოლ პირებად. შესამჩნევია როტაცია NGO-დან ხელისუფლებაში და პირიქით. განსაკუთრებით ეს უკანასკნელი აშკარა იყო 2003 წლის ნოემბრის ვარდების რევოლუციის და 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მმართველი პარტიის შეცვლის შემდეგ, მაგალითად საჯარო რეესტრის სტატისტიკის მიხედვით 2012 წლის ოქტომრიდან 2013 წლის ოქტომბრამდე რეგისტრირებულია 1800-ზე მეტი NGO, ხოლო წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ეს ციფრი 1126 იყო.

თავისთავად საზოგადოებაში ჩნდება უნდობლობა და ეჭვები: დაფინანსების წყაროებთან, მედია საშუალებების მიერ NGO-ებიდან კონკრეტული ექსპერტების გამოყენებაზე, NGO-ების ნაკლებ ანგარიშვალდებულებაზე საზოგადოების წინაშე (უფრო მეტად ისინი ანგარიშვალდებული არიან თავიანთი დონორის წინაშე), საერთაშორისო დახმარებაზე დამოკიდებულების, გრანტების აღებაზე ორიენტირებულობის გამო ვიდრე კონკრეტული მიზნების მიღწევაზე, მხოლოდ დონორების მიერ დაწესებული პრიორიტეტებზე მორგებულ და ნაკლებად ინოვაციური პროექტების განხორციელების გამოც. ასევე მიიჩნევა, რომ მხოლოდ ქველმოქმედებაზე ორიენტირებულობის გამო ძირი ეთხრება სიღარიბის აღმოფხვრას, რადგან ე.წ. მსხვერპლები - მიზნობრივი ჯგუფები ყოველთვის ისევ ელოდებიან მოწყალებას და ხდებიან მასზე დამოკიდებული. 

2011 წლის ნოემბერში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის (G-PAC) ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ხალხი არ ენდობა არასამთავრობო ორგანიზაციებს. სხვა კერძო სამართლის იურიდიული პირებთან, მაგალითად კომპანიებთან შედარებით NGO-ებს უფრო  მეტი პასუხისმგებლობა უნდა გააჩნდეთ, განსაკუთრებით მათ ვინც დაფინანსებას უცხო ქვეყნების ორგანიზაციების ან ადგილობრივად სახელმწიფოდან იღებს, რადგან ეს ფული გადასახადის გადამხდელებისგან მოედინება და ეძლევა არა კონკრეტულად, რომელიმე ინდივიდს არამედ საქართველოს და მიმართულია კონკრეტული საკითხების მოწესრიგებისაკენ. ამიტომ საზოგადოებაში მეტი ნდობის მოპოვებისათვის აუცილებელია NGO-ები უფრო მეტად ანგარიშვალდებული იყვნენ საზოგადოების წინაშეც. 

ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნითაც ზოგიერთმა სახელმწიფომ კრიტიკის მიუხედავად გარკვეული ღონისძიებებიც მიიღო - უცხო აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის სახით იმ უცხო პირების ან ორგანიზაციების მიმართ, რომელიც მათ სახელმწიფოში მოქმედებენ, მაგალითად აშშ-მ 1938 წელს და მსგავსი, მაგრამ თავისებურად განსხვავებული რუსეთმა 2012 წელს.   

/ინტერესთა ჯგუფები/
ინტერესთა ჯგუფებიც NGO-ების მსგავსად ანალოგიურია, მაგრამ არსებობს გარკვეული მნიშვნელოვანი განსხვავებები. ინტერესთა ჯგუფის ძირითადი დამახასიათებელი შესაძლებელია იყოს მისი სპონტანურობა და რომელიმე კონკრეტული მისიის მისაღწევად პირთა გაერთიანება ან ინდივიდუალური აქტიურობა, მაგრამ ამავე დროს შესაძლებელია იყოს, როგორც კონკრეტული ვიწრო ინტერესებზე ორიენტირებული, ასევე ზოგადი მისიის მატარებელიც. 

მაგალითად პირობითად ვიწრო ინტერესით შესაძლებელია დავახასიათოთ იმ პირთა გაერთიანება, რომელიც ავტომობილის ღვედის გამოუყენებლობის გამო დაზარალდა და ლობირებს მხოლოდ მის აქტიურ გამოყენებას, ან დასაქმებულთა გარკვეული ჯგუფი, როდესაც წარსულში მათი ერთ-ერთი მშენებლობაზე დასაქმებული წევრი კონკრეტული აღჭურვილობის არქონის გამო დაიღუპა და სურთ იმ წესის შემოღება, რომელიც დაავალებს დამსაქმებელს ამ მხრივ კონკრეტული ღონისძიებების გატარებას. ასევე პირობითად ფართო მიზნებით გაერთიანებულ ინტერესთა ჯგუფად, შეიძლება დავახასიეთოთ რომელიმე ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების ერთი ინტერეს ჯგუფად ჩამოყალიბება, რომელსაც სურს ქვეყანაში ამავე ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, როგორც საზოგადოებაში ასევე სახელმწიფოს მხრიდან მათი კონკრეტული ინტერესების გასათვალისწინებლად.

არაერთი საერთო ნიშან-თვისებებისა ინტერესთა ჯგუფი უფრო მეტად ბუნებრივი, დამოუკიდებელი და გულწრფელი გაერთიანებაა. თავისი არსით დამოუკიდებელია, რადგან მათ წევრებს საზოგადოებაში და სახელმწიფო მმართველობაში არსებული ნაკლოვანებებიდან გამომდინარე სპონტანურად წარმოშობილი კონკრეტული მოტივაცია ამოძრავებთ იმ ცვლილებების მისაღწევად, რომელმაც ისინი ან მათი ახლო ადამიანები მნიშვნელოვნად დააზარალა. გულწრფელი და საქმის მცოდნე, რადგან ისინი პირადად გრძნობენ საზოგადოების წინაშე არსებულ პრობლემას და კონკრეტული ემოციური მაგალითებით ეფექტურად ზემოქმედებენ საზოგადოებაზე და რაც მთავარია გააჩნიათ დაწვრილებით ჩამოყალიბებული დამაჯერებელი არგუმენტები თუ რატომ სურთ დასახული კონკრეტული მიზნების მიღწევა.

NGO-ებისგან განსხვავებით, რომელთა მიერ საპროექტო აქტივობა ძირითადათ ფულის მიღებითაა მოტივირებული, ინტერესთა ჯგუფის დაფინანსება ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია არ იყოს აუცილებელი, განსაკუთრებით მათთვის ხელფასების გადახდა და ხშირ შემთხვევებში ასეთი სახის გაერთიანებები მათი წევრების შემოწირულობაზეა დამოკიდებული და ფინანსური სახსრები მიმართულია კონკრეტული კამპანიების თუ მოქმედებების დასაფინანსებლად, ამიტომ ინტერესთა ჯგუფების პროფესიონალიზმის და დამოუკიდებლობის ხარისხი, მიზნის მიღწევა და კონკრეტული ცვლილებების გამოწვევა უფრო მეტად მაღალი და მიღწევადი რეალობაა.

ინტერესთა ჯგუფების სიმრავლე და აქტიურობა განაპირობებს არა მარტო ვინმეს, ადგილობრივი თუ უცხო ქვეყნის პირების თუ ორგანიზაციების წინასწარ დადგენილ პრიორიტეტებით ხელმძღვანელობას, არამედ იძლევა საშუალებას მოხდეს საკითხების დივერსიფიცირებაც მათი აქტუალობის და ადგილობრივი საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, მაგალითად ეკონომიკური საკითხების და ბიზნესის ირგვლივ გაერთიანებები, რაც საბოლოოდ განაპირობებს საქართველოში ინტერესთა ჯგუფების შექმნას და სახელმწიფოს განვითარებას ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებით.   

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად კრიტიკისა ნებისმიერი საზოგადოებრივი გაერთიანებები მათი მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი გეგმებისა, მათი მოცულობის, მოტივისა თუ ზეგავლენისა მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და დემოკრატიულ საზოგადოებაში მათი უპირატესობა სწორედ მრავალფეროვნებაში და ამ მხრივ მათ მიერ ძალთა დაბალანსებაშია.
ლევან ჯორბენაძე 
2015 წლის 3 მარტი


No comments:

Post a Comment