Sunday, October 7, 2012

ნარკოტიკების მოხმარება საქართველოში ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო ანალიზი



შესავალი

წარმოდგენილი ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო მიმოხილვა დაიგეგმა და განხორციელდა 2012 წლის ივლისში. ეს მიმოხილვა გამოიცა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის: „ზიანის შემცირება რეპრესიული თუ მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა: თემის გაძლიერების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებული პოლიტიკის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში. პროექტს ახორციელებდა ორგანიზაცია „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ და „ციხის საერთაშორისო რეფორმა“-ს თბილისის წარმომადგენლობა. მიმოხილვა არ არის ზოგადი, არამედ ეხება საქართველოში კონკრეტულად განხორციელებულ იმ ცვლილებებს, რომელთა გადაწყვეტასაც კრიტიკული მნიშვნელობა გააჩნია რეგიონში არსებული ერთ-ერთი უმკაცრესი ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად. თემის კომპლექსურობიდან გამომდინარე არ არის ასევე მცდელობა მიმოხილვამ ამ სფეროს ყველა საკითხი მოიცვას, არამედ ყურადღება გამახვილდეს იმ აუცილებელ საჭიროებებზე, რომლის შეცვლასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში იმ ზიანის შესამცირებლად, რაც ნარკოტიკების უკანონოდ და პრობლემურად მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს.

წარმოდგენილია საკანონმდებლო ანალიზი ძირითადათ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის შესახებ. კვლევაში ასახულია პერიოდულად, განსაკუთრებით 2006 წლიდან, როგორ „ვითარდებოდა” და „იხვეწებოდა” გამკაცრებისკენ საქართველოს ნარკოპოლიტიკა, არამარტო სისხლისსამართლებრივ, არამედ სამოქალაქო უფლებების სფეროშიც.

საქართველოს ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო მიმოხილვა საშუალებას გვაძლევს რეალურად გავაცნობიეროთ ის მკაცრი მიდგომა, რაც კანონმდებლებმა აირჩიეს. ასევე დაინტერესებულ პირებს უკეთ უნდა დაგვანახოს იმ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობის შესახებ, რაც პირველ რიგში საზოგადოების და ამგვარად დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ინტერესებს წარმოადგენს.

ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო ანალიზი - ჩამოტვირთვა 
ავტორი
ლევან ჯორბენაძე
იურისტი
Drug Policy Georgia

Saturday, April 7, 2012

საზოგადოებისათვის სასარგებლო შეთანხმება

საზოგადოებისათვის სასარგებლო შეთანხმებების (Community Benefits Agreements) წარმოშობა და განვითარება დაიწყო ამერიკაში, კერძოდ კალიფორნიის შტატში.

საზოგადოებისათვის სასარგებლო შეთანხმებები გულისხმობს კონკრეტული საინვესტიციო პროექტების განხორციელების დროს შეთანხმებას დეველოპერსა და ადგილობრივ მოსახლეობას, საზოგადოებრივ გაერთიანებებს შორის. ასევე შესაძლებელია ადგილობრივი ხელისუფლებაც მონაწილეობდეს და მხარე იყოს ასეთი შეთანხმებების დადების დროს. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება იურიდიული საბუთია და სავალდებულოა შესასრულებლად.

შეთანხმება მოიცავს ორივე მხარის ვალდებულებებს და უფლებებს, მაგალითად თუ დეველოპერი აშენებს ობიექტს და ამით გარემოს ცვლის გარშემო, მაშინ იგი კომპენსირების თვალსაზრისით ადგილობრივ მოსახლეობას მისცემს საშუალებას მიიღოს სხვადასხვა სარგებელი კონკრეტული პროექტიდან. კვალიფიციურად ხელშეკრულების შედგენისათვის ადგილობრივმა მოსახლეობამ და ასეთმა საერთო ინტერესების საფუძველზე შექმნილმა გაერთიანებებმა შესაძლებელია იურიდიული მომსახურებისათვის შესაბამის იურისტებს ან აღნიშნული პროფილით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიმართონ.

საზოგადოებისათვის სასარგებლო შეთანხმებების დადების ძირითადი არსი არის ”ყველა მოგებულია” პრინციპი. მაგალითისთვის, ძირითადათ - დეველოპერისთვის: თავიდანვე ნათელია რისკები და ხარჯები, თავს არიდებს დაპირისპირებას და სხვა; მოსახლეობა იღებს ერთ-ერთ ან რამოდენიმე სარგებელს: გაიუმჯობესებს ინფრასტრუქტურას, ადგილობრივი მოსახლეობისათვის შეიქმნება სამუშაო ადგილები, აშენდება გარკვეული მომსახურების ცენტრები, ადგილობრივებისათვის ხელმისაწვდომი იქნება იაფი სესხი და სხვა. ადგილობრივი ხელისუფლება იღებს კმაყოფილ ამომრჩეველს, თავს იწონებს მის ტერიტორიაზე არსებული განვითარებით.

საქართველოში ასეთი შეთანხმებების დადების გამოცდილება ადგილობრივ მოსახლეობას და მათ გაერთიანებებს არ აქვთ, ან იყო მცდელობა ასეთი შეთანხმებების მიღწევის და წარუმატებლად დამთავრდა ან ნაკლები ზეგავლენა განახორციელეს საერთო ინტერესით გაერთიანებულმა ჯგუფებმა თუ ცალკე ყოველმა ინდივიდუალურმა მესაკუთრემ.

უახლოეს პერიოდში განხოცრიელებული და მიმდინარე პროექტებიდან მაგალითისათვის აღსანიშნავია თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი, ხუდონის ჰესი, თბილწყალკანალის პრივატიზაცია და სხვა. ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელების დროს ერთ-ერთ დიდ პრობლემად კვლავ საზოგადოების ნაკლები ჩართულობა რჩება და ნაკლები საშუალება აქვთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიაღწიონ თავიანთი და ამავე დროს საერთო ინტერესების გათვალისწინებას ინვესტორებთან ერთად.

მნიშვნელოვანია ადგილობრივი დონეზე მესაკუთრეთა გაერთიანებების და მსგავსი საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებისა და წარმატებისათვის, მათი სამართლებრივი მომსახურების და სათანადო ინფორმაციის მიწოდებით დახმარება.

ლევან ჯორბენაძე
2012 წლის 7 აპრილი

Saturday, January 28, 2012

მთავრობის დაწესებული ახალი გადასახადი - „112”

ერთ ”მშვენიერ” დღეს, ახალი წლის წინაადღეებში საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა და მიიღო თვითნებური და უკანონო გადაწყვეტილება ახალი გადასახადის შემოღების შესახებ.

მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან.

მთავრობის დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს „112“-ის მომსახურების, საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესს მიღებულია 2011 წლის 27 დეკემბერს.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი „112“ არის 2011 წლის ნოემბერს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შექმნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამსახური. მისი მიზანია საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით შეტყობინებების მიღება ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის საშუალებით.

მიუხედავად იმისა, რომ „112“ ჯერ არ ამოქმედებულა 2012 წლის იანვრიდან სატელეფონო მომსახურების მიმღებმა ყველა აბონენტმა თვეში ფიქსირებული გადასახადი უნდა გადაიხადოს: ყოველ თვეს ფიზიკურმა პირებმა 20 თეთრი და იურიდიულმა პირებმა (ორგანიზაციებმა) 50 თეთრი. რამოდენიმე ტელეფონის არსებობის შემთხვევაში ყოველ მთგანზე მოხდება ამ გადასახადის დარიცხვა.

გადასახადის დარიცხვა ხდება ნებისმიერ, როგორც ე.წ. სახლის ისე მობილური ტელეფონების აბონენტებზე.

გამონაკლისია მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც: ერთი თვის განმავლობაში ტელეფონი ცალმხრივად იყო გათიშული და ძირითადათ მობილურ აბონენტებზე, რომლებმაც თავისი ანგარიში თვეში 5 ლარზე ნაკლები ოდენობის ღირებულებით შეავსეს.

გადასახადს არცერთ შემთხვევაში არ გადაიხდიან სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება.

გადასახადის ამოღება დაევალათ პირდაპირ იმ კომპანიებს რომლებიც თავისი აბონენტებისათვის სატელეფონო მომსახურების მიწოდებას ახორციელებენ.

/კეთილსინდისიერი და სამართლიანი/

2012 წლის იანვრიდან საგადასახადო ტვირთი ყოველი გადამხდელისათვის იზრდება იმ პირებებში, როდესაც: „112“ ჯერ არ ფუნქციონირებს; მნიშვნელობა არ აქვს სარგებლობს თუ არა აბონენტი „112“-ის მომსახურებით; გადასახადის გადახდა ეხება ოჯახის ყოველ წევრს (მაგალითად ოჯახში სახლის ტელეფონთან ერთად მის ყოველ წევრს შეიძლება ქონდეს მობილური ტელეფონი), რაც საბოლოოდ თვეში შეიძლება ძალიან მიზერულ თანხას არ წარმოადგენდეს; ეწინააღმდგება კერძო კომპანიების ჩვეულ რეჟიმში და საბაზრო პირობებში მუშაობას (გადასახადის დარიცხვა ხდება მიუხედავად მომსახურების მიწოდებისა); სახელმწიფო პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს კერძო კომპანიებზე, რაც მათგან დამატებით ძალისხმევას და რესურსებს მოითხოვს.

/სხვა საკანონმდებლო აქტებთან წინააღმდეგობრივი/

საქართველოს საგადასახადო კოდექსით გაუთვალისწინებელი გადასახადის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება დაუშვებელია. ეს არის საგადასახადო კოდექსის მნიშვნელოვანი პრინციპი. მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება განისაზღვროს: გადასახადებისა და მოსაკრებლების სახეები, სტრუქტურა და ოდენობა, მათი შემოღებისა და გადახდის წესი.

პირი ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. ამჟამად მოქმედ საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს მიეკუთვნება მხოლოდ: ა) საშემოსავლო გადასახადი; ბ) მოგების გადასახადი; გ) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ); დ) აქციზი და ე) იმპორტის გადასახადი. ადგილობრივ გადასახადს მიეკუთვნება ქონების გადასახადი.

საქართველოს კონსტიტუციის ასამოქმედებელი ნორმის მიხედვით, რომელიც 2013 წელს არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან შევა ძალაში - გადასახადის ახალი სახის შემოღება ან არსებულის განაკვეთის გაზრდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეფერენდუმით. იგივე პრინციპი არის განმტკიცებული პარლამენტის მიერ 2011 წლის ივლისს მიღებული ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონით, რომლის მიზანია დღევანდელი და მომავალი თაობების ეკონომიკური უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიების განმტკიცება.

ანალოგიური და იგივე სახელწოდების საგანგებო და სასწრაფო დახმარების სამსახური „112“ მოქმედებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ასეთი სამსახურის ჩამოყალიბების ესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო 1991 წელს ევროკავშირის საბჭოს მიერ და ყველა წევრ ქვეყნებს დაევალათ მისი შექმნა. ყველასათვის უნივერსალური სპეციალური დირექტივაც ამოქმედდა 2002 წლის მარტში და შესაბამისი მოთხოვნებიც დააწესა, რომელთგან ერთ-ერთ მნიშვნელოვანს წარმოადგენს მისი უფასო მომსახურება ნებისმიერი აბონენტებისათვის.

ლევან ჯორბენაძე

2012 წლის 28 იანვარი

Monday, January 9, 2012

მედიაციაზე კანონი ძალაშია მაგრამ ჯერ ვერ შესრულდება

საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის დეკემბერში მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ცვლილებები შევიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსში და სამოქალაქო საქმეებზე პირველად საქართველოში 2012 წლის 1 იანვრიდან „თეორიულად“ ამოქმედდა სასამართლო მედიაცია.

მაგრამ დღეის მდგომარეობით კანონში დამატებული თავი XXI1-ის პირველივე მუხლიდან ნათლად ჩანს, რომ ჯერჯერობით უკვე მიღებულ კანონი ვერ განხორციელდება, რადგან ამ ეტაპზე არ არის განსაზღვრული ვინ უნდა იყოს კონკრეტულად მედიატორი, ვის უნდა გადაეცეს საქმე განსახილველად.

კანონით ამჯერად მხოლოდ მოწესრიგდა სასამართლო მედიაციის პროცედურები, რომ სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემდეგ სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული საქმე დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით შეიძლება გადაეცეს მედიატორს, რომელიც შეიძლება იყოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირ.

სასამართლო მედიაცია გამოიყენება საოჯახო, სამემკვიდრეო, სამეზობლო დავებზე მათ შორის ნებისმიერ დავაზე თუ ორივე მხარე თანახმაა. სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებისათვის მედიაციის გამოყენების შესახებ არ გასაჩივრდება.

ზოგადად მედიაციის ინსტიტუტის, როგორც დავის განხილვის ალტერნატიული საშუალების და სისტემის დანერგვისათვის საფუძვლების შექმნა მნიშვნელოვანია: იზოგება სახელმწიფო ფინანსური და ადამიანური რესურსები, ორივე მხარისათვის მომგებიანია - მხარეები ერთმანეთთან ურთიერთობებს ინარჩუნებენ, სახელმწიფო სასამართლოსთან შედარებით დავის გადაწყვეტისათვის სწრაფი საშუალებაა, კონფიდენციალურია, საზოგადოებაში ადამიანები მათ შორის წარმოშობილ კონფლიქტს სახელმწიფოს ჩარევის გარეშე თავად აგვარებენ გაწერილი ნორმების მიხედვით და სხვა. იმისათვის, რომ დავის მხარეთა შორის მედიაციის გამოყენებამ კონკურენცია გაუწიოს სასამართლოს ის ძირითადად ასამოქმედებელი კანონის მიხედვით იქნება: იაფი, კონფიდენციალური და სწრაფი.

უკვე მიღებული, მაგრამ ასამოქმედებელი კანონის მიხედვით

იაფი: მედიაციას დაქვემდებარებულ საქმეებზე მხარე სასამართლოში სარჩელის წარდგენის დროს გადაიხდის დავის საგნის ღირებულების 1%-ს, არანაკლებ 50 ლარს.

კონფიდენციალური: მედიატორს და მედიაციაში მონაწილე მხარეებს უფლება არ აქვთ გაამჟღავნონ ინფორმაცია (თუ მხარეები თავად არ შეთანხმდებიან სხვაგვარად).

სწრაფი: მინიმუმ მხარეები ორჯერ უნდა შეხვდნენ, მაგრამ მათ შეუძლიათ მორიგდნენ 45 დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს.

რამდენად ეფექტურად იქნება გამოყენებული მედიაციის ინსტიტუტი საქართველოში მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია: კანონის ავტორებზე, პრქტიკოსი იურისტების მონაწილეობაზე კანონშემოქმედებითი პროცესის დროს, საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტის გამჭირვალე მუშაობაზე, რომ მისიღები კანონი მხოლოდ თეორიული არ დარჩეს და იგი მოქნილი, საზოგადოებისათვის სასარგებლო და განხორციელებადი იყოს.

ლევან ჯორბენაძე

2012 წლის 9 იანვარი