Saturday, October 5, 2013

პერსონალური მონაცემების დაცვა

პერსონალური მონაცემების დაცვა დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და დაცულია 1950 წლის 4 ნოემბრის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით - პირადი ცხოვრების უფლება.

პერსონალურ მონაცემების დაცვისთვის საქართველოს პარლამენტმა კანონი 2011 წლის 28 დეკემბერს მიიღო. პერსონალურ მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონი ძირითადათ გამომდინარეობს ევროპის საბჭოს 1981 წლის 28 იანვრის კონვენციიდან პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ”. საქართველოსთან მიმართებაში კონვენცია ძალაშია 2006 წლის აპრილიდან. ევროპის საბჭოს ეს კონვენცია წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს შიდა საკანონმდებლო დონეზე განახორციელონ ყველა საჭირო ღონისძიება პერსონალური მონაცემების დაცვისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა კანონი 2011 წლის დეკემბერში მიიღო მისი რეალური აღსრულება 2013 წლის ივლისიდან უნდა დაწყებულიყო, რადგან 2013 წლის ივლისამდე კანონის მიხედვით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმასრულებელი თანამდებობის პირი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი არ იყო არჩეულ/დანიშნული. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი აირჩევა საკონკურსო კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს პრემიერ-მინისტრი და საბოლოოდ პრემიერ-მინისტრივე ამტკიცებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 28 ივნისის ბრძანების საფუძველზე 2013 წლის 1 ივლისიდან მოქმედება დაიწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, რომელმაც თავისი ფუნქციები უნდა განახორციელოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მეშვეობით.

კანონის მიხედვით პერსონალური მონაცემები არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. გარდა ზოგადად პერსონალური ინფორმაციის დაცვისა კანონმდებლობა ანსხვავებს ასევე იმ პერსონალური ინფორმაციის მაღალი ხარისხით დაცვას, რასაც განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი ეწოდება, მაგალითად ასეთი ინფორმაციაა: „მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიული ორგანიზაციის წევრობასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან ან ნასამართლობასთან, ასევე ბიომეტრული მონაცემი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება ზემოაღნიშნული ნიშნებით”. ასეთი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება აკრძალულია, მაგრამ კანონმდებლობით განსაზღვრულია კონკრეტული გამონაკლისები, როდესაც შესაძლებელია ასეთი მნიშვნელოვანი მონაცემების დამუშავებაც.

მონაცემთა დამუშავებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი ძირითადი პრინციპები: მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად და მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნისათვის. მათ შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრინციპს წარმოადგენს მონაცემები შენახვა მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად.

მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძველს წარმოადგენს იმ პირის (მონაცემთა სუბიექტის) თანხმობა ვისზეც მონაცემები გროვდება. თანხმობა უნდა გამოიხატოს ნათლად და ზოგ შემთხვევაში აუცილებელია წერილობითი ფორმაც.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მათ შორის მოწესრიგებულია: გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემების დაცვა, მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება, ბიომეტრულ მონაცემთა დამუშავება საჯარო დაწესებულების მიერ, ბიომეტრულ მონაცემთა დამუშავება კერძო პირის მიერ, ქუჩაში ვიდეოთვალთვალის განხორციელება, საჯარო და კერძო დაწესებულებათა შენობების ვიდეოთვალთვალი, საცხოვრებელი შენობის ვიდეოთვალთვალი, მონაცემთა დამუშავება საჯარო და კერძო დაწესებულებათა შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის აღრიცხვის მიზნით.

ნებისმიერ პირი ვისი მონაცემებიც უკანონოდ მუშავდება (მონაცემთა სუბიექტი) უფლება აქვს მოითხოვოს მონაცემების გასწორებ, განახლებ, დამატებ, დაბლოკვ, წაშლა და განადგურება. ამ ღონისძიებების შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულების მიზნით დამრღვევთა დასასჯელად მონაცემთა სუბიექტს შეუძლია მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ან აგრეთვე სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს კომპენსაცია, საჯარო დაწესებულების შემთხვევაში კი გამოიყენოს ადმინისტრაციული საჩივარი. მონაცემთა სუბიექტს თავისი უფლებების უკეთ გაცნობიერებისათვის და რეალიზაციისათვის შეუძლია ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.       

აუცილებელია ნებისმიერი საჯარო თუ კერძო ორგანიზაცია მოემზადოს და სიფრთხილით მოეკიდოს ამ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ზოგ შემთხვევებში კანონი პირდაპირ ავალებს და კონკრეტულ ვადებსაც უწესებს ფიზიკურ პირებს და ორგანიზაციებს კანონით გათვალისწინებული ამა თუ იმ მოქმედების განხორციელებისათვის. ასევე კონკრეტულად უწესებს, როგორ აწარმოოს კანონიერად მონაცემების შეგროვება და როგორ და რა ვადაში უნდა უპასუხოს პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში. მაგალითად მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია ფაილური სისტემის შექმნამდე და მასში ახალი კატეგორიის მონაცემთა შეტანამდე შეატყობინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, როგორ და რა სახის ინფორმაციას ამუშავებს. ამავე დროს ცვლილებების შემთხვევაშიც არა უგვიანეს 30 დღისა აცნობოს ინსპექტორს. ასევე ის პირი ვისზეც გროვდება ინფორმაცია (მონაცემთა საუბიექტი) თუ მიმართავს ორგანიზაციას რა ვადებში და რა წესით უნდა უპასუხონ. მაგალითად: მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
   
ზოგადად პერსონალურ მონაცემთა დაცვის დარგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტიკულ საკითხს წარმოადგენს ამ სფეროში არსებული კანონების არასწორი აღსრულება, განსაკუთრებით მაშინ როდესაც უცხო ქვეყნებიდან საქართველოში კანონის იმპორტი ხორციელდება, პირადი ცხოვრების დაცვის კანონმდებლობა ზოგჯერ ზოგადი ნორმებით შემოიფარგლება, მაგრამ მისი რეალურ ცხოვრებაში გატარებისათვის საჭიროა პრაქტიკული გამოცდილების ანალიზი და შესაბამისი სახელმძღვანელო პრინციპების დანერგვა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით დამრღვევის მიმართ გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმები 100 (ასი) ლარიდან 10 000 (ათიათას) ლარამდე ოდენობით. პერსონალური მონაცემების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ნებისმიერ პირს, იქნება ეს საჯარო-საბიუჯეტო თუ კერძო დაწესებულება. 

ამავე დროს პერსონალური მონაცემების დაცვა არ არის აბსოლიტური უფლება და შეიძლება დაექვემდებაროს სახელმწიფოს მხრიდან კანონმდებლობით გათვალისწინებულ გარკვეული შეზღუდვებს.    

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის ფუნქციონირება ზოგადად წესრიგდება შესაბამისი დირექტივებით, მათ შორის ფუძემდებლურია 1995 წლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის დირექტივა - 95/46/EC. განსხვავებით აშშ-სგან, რომელსაც მიჩნეულია, რომ გარკვეული თვალსაზრისით თავისუფალი მიდგომა გააჩნია ამ დარგში და რაიმე ერთიანი ნორმატიული აქტი არ აქვს, ამის ნაცვლად კი უფრო მეტად ეყრდნობა ამ დარგისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა კონკრეტულ კანონებს და თვით-მოწესრიგებას განსაკუთრებით კერძო სექტორში. საქართველოსთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხის ეფექტურად მოწესრიგების მნიშვნელობა და უფრო სწორედ ვალდებულება მნიშვნელოვანია ჯერ ერთი ევროპის საბჭოს კონვენციიდან გამომდინარე და მეორე საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პერსპექტივის გამო.     

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ახალი ინსტიტუტია საქართველოში და სწორედ მასზეა დამოკიდებული საზოგადოებას რა ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს და რა სტანდარტების დამკვიდრებას ჩაუყრის საფუძველს. მთავარია ეს ახალი ინსტიტუტი საქართველოში არ იქცეს ზედმეტად ბიუროკრატიული ფუნქციების მქონე ორგანიზაციად და გაუაზრებელ ტვირთად არ დააწვეს საჯარო სტრუქტურებს და განსაკუთრებით ბიზნესს. 

ლევან ჯორბენაძე 
2013 წლის 5 ოქტომბერი

Saturday, September 28, 2013

ვინა არის მ.შ. და საჯარო სექტორში საკონკურსო მასკარადები

მ.შ.
მ.შ. იგივე მოვალეობის შემსრულებელი არის ნებისმიერი საჯარო-საბიუჯეტო დაწესებულების ხელმძღვანელის (უფროსის) ერთპიროვნულად, „დროებით“ და უკონკურსოდ დანიშნული პირი ამა თუ იმ ვაკანტურ პოზიციაზე. საჯარო სამსახურის შესახებ კანონით პირდაპირ არის ლეგალიზებული უფროსის მიერ მიღებული ასეთი უსამართლო გადაწყვეტილება.

„დროებით“ - ნიშნავს ნებისმიერ დროს, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლის 1 ივლისიდან საჯარო სამსახურის შესახებ კანონით დაზუსტდა მ.შ.-ს დანიშვნის ვადების ზღვარი ზოგიერთი თანამდებობის პირებისათვის 1 წელი და ზოგიერთ ვაკანტურ პოზიციაზე 3 თვე, მაგრამ ეს საკანონმდებლო ცვლილება ვერაფერი შეღავათია ნეპოტიზმის და კორუფციის შემცირებისათვის და იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ქვია გამჭვირვალე, სამართლიანი, ანგარიშვალდებული და მაღალ ხარისხზე ორიენტირებული საჯარო სამსახურის მომსახურება. სწორედ იმ სამართლიანი და კანონიერი კონკურსებისათვის და მომსახურებისთვის, რომლისთვისაც საზოგადეობამ გადასახადები უნდა გადაიხადოს.

მ.შ. ერთ-ერთი ფაქტორია იმ უსამართლო საკონკურსო მასკარადების, რომელიც საჯარო სამსახურის კანონში არსებული დეფექტების და ამ კანონის არასწორი აღსრულების მიზეზია.

იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც უფროსის მფარველობაში მყოფი მ.შ.-ს ადგილას გამოცხადდება „სავალდებულო“ კონკურსი რა სამართლიანობის და ობიექტურობის განცდა უნდა ქონდეთ მომავალ კანდიდატებს? მ.შ. უკვე სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაშია, სხვა ყველაფერთან ერთად ის უკვე ამ თანამდებობაზე გამოცდილი „მოსამსახურეა“, რასაც საკონკურსო კომისიას აუცილებლად სიამაყით განუცხადებს.  

განსაკუთრებით კომიკურია სიტუაცია, როდესაც გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატს მოეთხოვება იმავე პოზიციაზე და იმავე კონკრეტულ დაწესებულებაში 2-3 წლიანი მუშაობის გამოცდილება, რაც საკმარისია ვარაუდისათვის, რომ კონკურსი უკვე კონკრეტულ კანდიდატზეა მორგებული.  

საჯარო სექტორში საკონკურსო მასკარადები
საქართველოს კანონმდებლობის პირდაპირი მოთხოვნით საჯარო (სახელმწიფო საბიუჯეტო) დაწესებულებებში დასაქმება მხოლოდ კონკურსით არის შესაძლებელი და ამგვარად კონკურსის ფორმალურად გამოცხადებაც სავალდებულოა, ამავე დროს კადრების სტაბილურობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია. საჯარო სამსახურის შესახებ კანონი გამონაკლისის სახით თანამდებობის პირთა მხოლოდ იმ ჩამონათვალს განსაზღვრავს, რომლებიც კონკურსის წესით არ ინიშნებიან, მაგალითად ესენია: პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები და სხვა. 

კონკურსის გამოცხადება სავალდებულოა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდის hr.gov.ge -ის მეშვეობით, რომელიც ამავე სამსახურის ინფორმაციით 2011 წლის ივნისიდან მოქმედებს. კანდიდატების მიერ განაცხადის წარდგენა აუცილებელია მოხდეს მხოლოდ ამავე ვებგვერდის მეშვეობით და ელექტრონული ფორმით. 2014 წლის 1 იანვრამდე კანონი გამონაკლისს მხოლოდ იმ კანდიდატებისთვის უშვებს, რომლებსაც დასაქმება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სურთ, ამ შემთხვევაში არაელექტრონული ფორმით შეიძლება განაცხადების წარდგენა.

კანონმდებლობით კონკურსის ძირითადი პრინციპებია: ობიექტურობა, გამჭვირვალობა, არადისკრიმი­ნაციულობა, საჯაროობა, კოლეგიურობა და კორექტულობა

„სავალდებულო“ კონკურსის გამოცხადების შემდეგი მთავარი ეტაპი არის საკონკურსო-საატესტაციო კომისია. აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს ამ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ფორმირების საკითხს, რომლის ფორმირებაც მაგალითად კონკრეტულად მოსარგებია რომელიმე ინტერესთა ჯგუფისთვის, რადგან საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ იმ დაწესებულების უფროსი ან მისი მოადგილე ინიშნება, სადაც კონკურსია გამოცხადებული. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის ფორმალურად დანიშვნაში ე.წ. ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი. სწორედ ამგვარად დანიშნული საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე თავად წყვეტს შემდგომ ვინ მოიწვიოს საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში. ამ თავმჯდომარის დანიშნული საკონკურსო კომისიის წევრების „გაწეული სამსახურიც“ შეიძლება ანაზღაურებადი იყოს.

ფორმალურადაც კანონმდებლობა სრულ გასაქანს აძლევს კონკრეტული საბიუჯეტო დაწესებულების უფროსს თავად გადაწყვიტოს ვინ აირჩიოს კომისიის წევრად და საბოლოოდ ვის „მისცეს“ სამსახური თავის დაწესებულებაში. სწორედ ამიტომაც ასეთი სახით მიღებული გადაწყვეტილებები საზოგადოებაში აღვივებს არაობიექტურობის და უსამართლობის გრძნობას.

ასეთი სახით დანიშნული კომისიის წევრების შემადგენლობა ვერ უზრუნველყოფს კონკურსის ობიექტურობას, გამჭვირვალობას, არადისკრიმი­ნაციულობას, საჯაროობას, კოლეგიურობას და კორექტულობას. უფრო მეტიც ხშირად კომისიის წევრებს შორის საერთოდ არ არის ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი, ასევე კომისიის წევრები არაპროფესიონალები და არაეთიკურებიც არიან. ამ მხრივ კონკურსში მონაწილე კანდიდატების უმრავლესობას შეუძლიათ ადვილად შეამჩნიონ, რომ საკონკურსო კომისიის წევრები გამოხატავენ ნაკლებ ინტერესს და გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ; კანდიდატი ალოდინეს და დანიშნულ დროს არ ან ვერ მიიღეს; კომისიის წევრებმა კანდიდატს გამოცდის ან გასაუბრების დროს თავისი თავი არც კი წარუდგინეს; გასაუბრების დროს რომელიმე კომისიის წევრი მოულოდნელად დგება და გადის ოთახიდან ან რომელიმე კომისიის წევრი ტელეფონზე იწყებს ლაპარაკს; კომისიის წევრები ქაოსურად იწყებენ კანდიდატისთვის კითხვების დასმას ან ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას; დასმული შეკითხვები შესაძლებელია იყოს არაკორექტული და კონკურსში მონაწილე კანდიდატს შეუძლია შეამჩნიოს მის მიმართ აშკარა არაკეთილგანწყობა და უტიფრობაც.

კანდიდატს კანონმდებლობის მიხედვით შეუძლია გაასაჩივროს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება, ამიტომ განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს გამოვლენილი დარღვევების წინააღმდეგ მამხილებელი მტკიცებულებების მოპოვების თვალსაზრისით. 

რეალურად „სხვა“ კანდიდატებისათვის „სავალდებულოდ“ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შანსები განსაკუთრებით დაბალია, როდესაც სახელმწიფოში რადიკალურად ხდება პოლიტიკური ძალების ცვლილება და ახალი უმრავლესობით მოსული პოლიტიკური ძალა ცდილობს თავისი პოლიტიკური აქტივისტების და „თავისიანების“ დასაქმებას, რაც მაგალითად საქართველოში 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც გრძელდება.

არაობიექტურობის და უსამართლობის შესამცირებლად სასურველი იქნებოდა საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში ყოფილიყვნენ დამოუკიდებელი ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებიც და პროფესიონალები, კომისიის წევრები უკეთ მომზადებულიყვნენ კონკურსის ჩატარების დღისთვის არამარტო პროფესიული თვალსაზრისით, არამედ განსაკუთრებით ეთიკური კუთხითაც; აგრეთვე გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და მეტი ეფექტურობისთვის კონკურსში მონაწილე კანდიდატებს პერსონალურად ეცნობოთ გამარჯვებული კანდიდატის შესახებ, მაგრამ როგორც ჩანს ამ პერიოდისათვის ხელისუფლების მხრიდანაც არ არსებობს გაცხადებული პოლიტიკური ნება. პოლიტიკური უმრავლესობის ლიდერმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას გულწრფელად განუცხადა, რომ უპირატესობას ანიჭებ კონკურს და ტენდერებს და შემდეგ განაცხადა, რომ სამსახურში მიღება ძირითადათკონკურსის წესით უნდა ტარდებოდესო - ქვეტექსტი კი ნეპოტიზმ არდაგმობა იყო. ასევე გასახსენებელია წინა ხელისუფლების ცნობილი კრიტერიუმი, როდესაც საჯარო მოხელეების შერჩევა ერთგულების ნიშნით უნდა მომხდარიყო. 

კანონმდებლობა ირღვევა არამარტო საჯარო სექტორში საკონკურსო მასკარადებით და „თავისიანების“ მიყვანით, არამედ კანონით სავალდებულო კონკურსებიც არ ცხადდება. მაგალითად ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს კვლევის საკადრო პოლიტიკა საჯარო სამსახურში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგმიხედვით შემდეგი ძირითადი ტენდენციები გამოიხატა: საჯარო სამსახურში თანამშრომლების მიღება კონკურსების გარეშე ხდება, „უწყებების დიდ უმრავლესობაში ატესტაცია და კონკურსი არ ჩატარებულა, ხოლო იქ, სადაც ჩატარდა, ძირითადათ არაეფექტურად იყო ორგანიზებული - საჯარო სამსახურში 6557 ახალ მიღებული თანამშრომლიდან მხოლოდ 257 (4%) დაინიშნა კონკურსის წესით"; „გათავისუფლება საშუალო და დაბალი რანგის მოხელეებსაც შეეხოთ, რაც დემოკრატიულ ქვეყნებში საჯარო სამსახურის ძირითად დასაყრდენს წარმოადგენს".

ყოველივე ამის შემდეგ ღირსეულმა კანდიდატმა კარგად უნდა გათვალოს ჯერ ერთი რამდენად უღირს ასეთ საკონკურსო მასკარადებში მონაწილეობის მიღება და შემდეგ მეორე საერთოდ ასეთ გარემოცვაში დასაქმება.  

ლევან ჯორბენაძე
2013 წლის 28 სექტემბერი

Saturday, January 19, 2013

როგორ მოვირგოთ კანონი


საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, 90-იანი წლებიდან მრავალი ათეული წელია უკვე ჩამოყალიბებული „კარგად მორგებული” და არადემოკრატიული პრაქტიკაა კანონის მორგება ხელისუფლებაში არსებულ ცალკეული თანამდებობის პირებს თუ მათი „გუნდის“ საკუთარ ინტერესებზე. 

რაც მთავარია კანონის მორგება ისე უნდა შეიფუთოს და განხორციელდეს, რომ საკუთარი ინტერესების ასახვა „კანონიერი“ იყოს. კარგად მორგებული პრაქტიკა და ცდუნებაა ხელისუფლებაში მოსულმა პირებმა კანონი მოარგონ ცალკეულ პიროვნებებს და მათ ნებაზე ამუშავონ და არა კანონმა ამუშავოს სისტემა. ამ შემთხვევაში არაფერი დაშავდება თუ ზოგჯერ ქვეყნის უმაღლეს კანონში - კონსტიტუციაშიც იქნება ურთიერთსაწინააღმდეგო მუხლები (კონსტიტუციური ნორმები) ან არსებულ რეალობასთან არ იქნება შესაბამისობაში.

მაგალითად საქართველოს უმაღლესი კანონი კონსტიტუცია, რომელიც 1995 წლის აგვისტოს იყო მიღებული 2000 წლიდან დღემდე არაერთხელ შეიცვალა. 2006 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ერთ-ერთი ცვლილებების დროს კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ პარლამენტის მორიგი (50-ე მუხლის მე-21 პუნქტი) არჩევნები ჩატარდებოდა ოქტომბერში. ანალოგიური ცვლილება შეეხო პრეზიდენტის არჩევნებსაც, რომელიც ამჟამად ასევე ოქტომბერში უნდა ჩატარდეს (70-ე მუხლის მე-9 პუნქტი). შედეგად კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, შეიძლება ითქვას ანტიკონსტიტუციურად, რეალურად გახანგრძლივდა, როგორც პარლამენტის ასევე პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები: პარლამენტის 5 თვით და პრეზიდენტის დაახლოებით 10 თვით. წინა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა 2008 წლის მაისში, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2008 წლის იანვარში. საბოლოო ჯამში რეალურად პარლამენტს უფლებამოსილების ვადა 4 წელი და 5 თვე და პრეზიდენტს კი 5 წელი და 10 თვე გამოუვიდა. კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 5 წელია, ხოლო პარლამენტის 4 წელი.  

2009 წლის ზაფხულში კონსტიტუციაში მორიგი ფუნდამენტური ცვლილებების შეტანის მიზნით პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, მის თავჯდომარედ კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი აირჩა. კომისიის ძირითადი ამოცანა იყო „ქვეყნის თანამედროვე, მდგრადი და სტაბილური განვითარების, სამართლის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის ცივილური ურთიერთობების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი შინაარსის კონსტიტუციური კანონის პროექტის მომზადება”. კომისიის მუშაობაში ამ დარგის არაერთმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო პროფესიონალმა მიიღო მონაწილეობა და რადგან კომისიის ჩამოყალიბება ქვეყნის მაშინდელ მმართველ პარტიასთან ასოცირდებოდა თავდაპირველად ასევე არაერთმა ამ სფეროს ექსპერტმა უარი თქვა თანამშრომლობაზე. კონსტიტუციაში არსებული პარლამენტის და პრეზიდენტის ვადებთან დაკავშირებული ხარვეზის გამოსწორება, არც ამ კომისიას უცდია, უფრო მეტიც კონსტიტუციის არაერთ მუხლს დაემატა სპეციალური ჩანაწერი, რომ ესა თუ ის მუხლი უნდა ამოქმედდეს „2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან”.

როგორც აღმოჩნდა კონსტიტუციის დარღვევა ყველას აწყობს..." - 2012 წლის თებერვალს განაცხადა საქართველოში მოქმედმა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალი თაობა-ახალი ინიციატივა"-ს ხელმძღვანელმა პარლამენტის და პრეზიდენტის არჩევნების ვადებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში.  

აგრეთვე მთავარია კანონის მორგებისთვის პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული, რომ სიმწრით ნაშენები სახელმწიფო თავზე არ ჩამოექცეს საზოგადოებას. საზოგადოებას აშკარად მორგებულ ცვლილებებთან ქონდა საქმე, როდესაც 2012 წლის 22 მაისს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა კონსტიტუციაში და დროებით 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მიანიჭა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეებს. მოცემული საკონსტიტუციო ცვლილება განხორციელდა მას შემდეგ, როდესაც მაშინდელ მომავალ პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა ’ჩამოერთვა’. ამგვარად საზოგადოებაში ეს ცვლილებები ასოცირდება პოლიტიკურად (საარჩევნოდ) განცხადებული მიზნების მქონე პირისთვის განხორციელებულ ცვლილებებად.

2012 წლის ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებამდე „ბანკი ქართუ”-ს ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ პარლამენტმა ბანკების საზიანო საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო და ახალი ცვლილებების აღსრულება მხოლოდ „ბანკი ქართუ”-ს წინააღმდეგ უნდა განხორციელებულიყო. „პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფოს უფლება ექნებოდა აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული”.
დღევანდელი მდგომარეობით, როგორც ჩანს კანონის მორგების პრაქტიკა, არც ახალი მმართველი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეცვლილა. 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხელისუფლების ძირითადი შტოების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სადავეები გამარჯვებულ პარტიას დარჩა, მაგრამ სასამართლო ხელისუფლება (რომელიც ფაქტიურად დამოუკიდებელი და ბალანსის მომტანი უნდა იყოს) მიჩნეულია, რომ პოლიტიკური უმცირესობის (ყოფილი მმართველი პარტიის) გავლენის ქვეშაა, აგრეთვე მოქმედი პრეზიდენტი ამჟამად ოპოზიციური უმცირესობის გუნდის ლიდერია. ახალმა უმრავლესობამ მალე არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე მორგებისათვის ახალი კანონის პროექტები წარადგინა: სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში და ქვეყნის კონსტიტუციაში კვლავ ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც მომავალ შესაძლო სახელისუფლებო კრიზისის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. 2012 წლის დეკემბერს პარლამენტის დადგენილებით მორიგი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შეიქმნა.    

სახელმწიფო რესურსების ეფექტურად ხარჯვისათვის და მთავრობასთან ფიზიკური სიახლოვის მომიზეზებით ამჟამინდელი პოლიტიკური უმრავლესობა, რომელთა უმრავლესობა თბილისიდანაა, ასევე საზოგადოებაში აქტიურად განიხილავს პარლამენტის ქუთაისიდან ისევ თბილისში გადმოტანის საკითხს. ამ გადაწყვეტილების მიღებისათვის, პარლამენტის ქუთაისში დარჩენა თუ თბილისში გადმოტანა რა სარგებელს ან ზიანს მოუტანს საზოგადოებას კონკრეტული არგუმენტები და ფინანსური გათვლა არავის წარმოუდგენია და საზოგადოებისათვის უცნობია.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლების მიერ, არაერთი ყოფილი მაღალი თანამდებობის მქონე საჯარო მოხელის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. მთავარი პროკურორის ინიციატივით ახალი კანონის პროექტი მომზადდა, რომელიც პარლამენტს 2013 წლის იანვარში წარედგინა. პროექტის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა გაფართოვდება: პროკურორის გადაწყვეტილებით ნაფიცი მსაჯულები იმ საქმეებს განიხილავენ, როდესაც სისხლის სამართლის საქმეები ყოფილ ან მოქმედ თანამდებობის პირებს უკავშირდება.  

კანონის მორგების ნახსენები კონკრეტული მაგალითები მხოლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია იმ შემთხვევებისა, რასაც საზოგადოება უკვე მრავალი წელია აშკარად ხედავს. დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოების მოლოდინი მისთვის კონკრეტული სარგებლობის მომტანი და მდგრადი სისტემის შექმნაა. თუ კანონი მითუმეტეს ქვეყნის უმაღლესი კანონი ხშირად არ შეიცვლება და კანონები ამუშავებს სისტემას და არა პირიქით პიროვნებები მაშინ ეს სისტემა მდგრადი და განვითარებული იქნება და არ იქნება მერყევი და დამოკიდებული ცალკეული პირების კონფორმიზმზე და ზოგჯერ მათ პირად სურვილებზე.  

ლევან ჯორბენაძე
2013 წლის 19 იანვარი