ერთ ”მშვენიერ” დღეს, ახალი წლის წინაადღეებში საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა და მიიღო თვითნებური და უკანონო გადაწყვეტილება ახალი გადასახადის შემოღების შესახებ.
მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან.
მთავრობის დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს „112“-ის მომსახურების, საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესს მიღებულია 2011 წლის 27 დეკემბერს.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი „112“ არის 2011 წლის ნოემბერს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შექმნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამსახური. მისი მიზანია საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით შეტყობინებების მიღება ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის საშუალებით.
მიუხედავად იმისა, რომ „112“ ჯერ არ ამოქმედებულა 2012 წლის იანვრიდან სატელეფონო მომსახურების მიმღებმა ყველა აბონენტმა თვეში ფიქსირებული გადასახადი უნდა გადაიხადოს: ყოველ თვეს ფიზიკურმა პირებმა 20 თეთრი და იურიდიულმა პირებმა (ორგანიზაციებმა) 50 თეთრი. რამოდენიმე ტელეფონის არსებობის შემთხვევაში ყოველ მთგანზე მოხდება ამ გადასახადის დარიცხვა.
გადასახადის დარიცხვა ხდება ნებისმიერ, როგორც ე.წ. სახლის ისე მობილური ტელეფონების აბონენტებზე.
გამონაკლისია მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც: ერთი თვის განმავლობაში ტელეფონი ცალმხრივად იყო გათიშული და ძირითადათ მობილურ აბონენტებზე, რომლებმაც თავისი ანგარიში თვეში 5 ლარზე ნაკლები ოდენობის ღირებულებით შეავსეს.
გადასახადს არცერთ შემთხვევაში არ გადაიხდიან სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება.
გადასახადის ამოღება დაევალათ პირდაპირ იმ კომპანიებს რომლებიც თავისი აბონენტებისათვის სატელეფონო მომსახურების მიწოდებას ახორციელებენ.
/კეთილსინდისიერი და სამართლიანი/
2012 წლის იანვრიდან საგადასახადო ტვირთი ყოველი გადამხდელისათვის იზრდება იმ პირებებში, როდესაც: „112“ ჯერ არ ფუნქციონირებს; მნიშვნელობა არ აქვს სარგებლობს თუ არა აბონენტი „112“-ის მომსახურებით; გადასახადის გადახდა ეხება ოჯახის ყოველ წევრს (მაგალითად ოჯახში სახლის ტელეფონთან ერთად მის ყოველ წევრს შეიძლება ქონდეს მობილური ტელეფონი), რაც საბოლოოდ თვეში შეიძლება ძალიან მიზერულ თანხას არ წარმოადგენდეს; ეწინააღმდგება კერძო კომპანიების ჩვეულ რეჟიმში და საბაზრო პირობებში მუშაობას (გადასახადის დარიცხვა ხდება მიუხედავად მომსახურების მიწოდებისა); სახელმწიფო პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს კერძო კომპანიებზე, რაც მათგან დამატებით ძალისხმევას და რესურსებს მოითხოვს.
/სხვა საკანონმდებლო აქტებთან წინააღმდეგობრივი/
საქართველოს საგადასახადო კოდექსით გაუთვალისწინებელი გადასახადის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება დაუშვებელია. ეს არის საგადასახადო კოდექსის მნიშვნელოვანი პრინციპი. მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება განისაზღვროს: გადასახადებისა და მოსაკრებლების სახეები, სტრუქტურა და ოდენობა, მათი შემოღებისა და გადახდის წესი.
პირი ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. ამჟამად მოქმედ საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს მიეკუთვნება მხოლოდ: ა) საშემოსავლო გადასახადი; ბ) მოგების გადასახადი; გ) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ); დ) აქციზი და ე) იმპორტის გადასახადი. ადგილობრივ გადასახადს მიეკუთვნება ქონების გადასახადი.
საქართველოს კონსტიტუციის ასამოქმედებელი ნორმის მიხედვით, რომელიც 2013 წელს არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან შევა ძალაში - გადასახადის ახალი სახის შემოღება ან არსებულის განაკვეთის გაზრდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეფერენდუმით. იგივე პრინციპი არის განმტკიცებული პარლამენტის მიერ 2011 წლის ივლისს მიღებული ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონით, რომლის მიზანია დღევანდელი და მომავალი თაობების ეკონომიკური უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიების განმტკიცება.
ანალოგიური და იგივე სახელწოდების საგანგებო და სასწრაფო დახმარების სამსახური „112“ მოქმედებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ასეთი სამსახურის ჩამოყალიბების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო 1991 წელს ევროკავშირის საბჭოს მიერ და ყველა წევრ ქვეყნებს დაევალათ მისი შექმნა. ყველასათვის უნივერსალური სპეციალური დირექტივაც ამოქმედდა 2002 წლის მარტში და შესაბამისი მოთხოვნებიც დააწესა, რომელთგან ერთ-ერთ მნიშვნელოვანს წარმოადგენს მისი უფასო მომსახურება ნებისმიერი აბონენტებისათვის.
ლევან ჯორბენაძე
2012 წლის 28 იანვარი