Sunday, October 10, 2010

ახალი კიბერ „დამნაშავეები“ საქართველოში

2010 წლის სექტემბერს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსში. ახალი ცვლილებები საავტორო უფლებების დარღვევასთან და კიბერდანაშაულთან დაკავშირებით 2010 წლის ოქტომბრიდან უკვე ამოქმედებულია.


ის ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებიც დიდი ოდენობის შემოსავლის მიღების მიზნით (როდესაც შემოსავალი აღემატება 5000 ლარს) საავტორო უფლებებს დაარღვევენ ისჯებიან ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 2 წლამდე. მაგალითად ისჯებიან პირები, რომლებიც საავტორო უფლებებით დაცულ „ნაწარმოებს“ ან მათ ასლებს შეიძენენ, განახორციელებენ მის იმპორტს, გაყიდიან, გააქირავებენ, გადაცემენ ან „სხვაგვარად ხელყოფენ“ მას.


მათ შორის ჯარიმით ან/და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, რაც ასევე ნიშნავს იმ პროგრამის ხელყოფას, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას.


კომპიუტერული პროგრამის უკანონოდ გამოყენება დაისჯება ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. საყურადღებოა, რომ კანონში შესაბამისად იგულისხმება პერსონალური კომპიუტერიც.


ამ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.


ე.ი. ნებისმიერი ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც განზრახ ხელყოფს საავტორო უფლებებს და გამოიყენებს არალიცენზირებულ კომპიუტერულ პროგრამებს, ჩაიდენს დანაშაულებრივ ქმედებას და ის შეიძლება გაასამართლონ და სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნონ, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე.


სამართალდამცავებს უფლება აქვთ ასეთი ინფორმაციის მიღების, ე.ი. კიბერდანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დაიწყონ სისხლისსამართლებრივი დევნა ნებისმიერი პირის მიმართ.


ვინმეს შეგვიძლია წარმოვიდგენთ ამჟამად საქართველოში არალიცენზირებული კომპიუტერული პროგრამების, როგორც გამავრცელებელი ასევე გამომყენებელი რამდენი პირია დასასჯელი? რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს ვინ პირველი დაისჯება, ვინ მეორე ან რომელი ერთი და რა ნიშნით?


„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით: საქართველოში კომპიუტერის მქონე მოქალაქეთა 95 პროცენტი მოპარულ კომპიუტერულ პროგრამებს იყენებს... საქართველოს ბიუჯეტში კი 50–60 მილიონი ლარის ოდენობის გადასახადები არ შედის. ასეთია „მაიკროსოფტის“ თბილისის წარმომადგენლობის კვლევის შედეგი...“.


ლევან ჯორბენაძე

2010 წლის 10 ოქტომბერი

No comments:

Post a Comment