შესავალი
წარმოდგენილი ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო მიმოხილვა დაიგეგმა და განხორციელდა 2012 წლის ივლისში. ეს მიმოხილვა გამოიცა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის: „ზიანის შემცირება რეპრესიული თუ მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა: თემის გაძლიერების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებული პოლიტიკის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში. პროექტს ახორციელებდა ორგანიზაცია „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ და „ციხის საერთაშორისო რეფორმა“-ს თბილისის წარმომადგენლობა. მიმოხილვა არ არის ზოგადი, არამედ ეხება საქართველოში კონკრეტულად განხორციელებულ იმ ცვლილებებს, რომელთა გადაწყვეტასაც კრიტიკული მნიშვნელობა გააჩნია რეგიონში არსებული ერთ-ერთი უმკაცრესი ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად. თემის კომპლექსურობიდან გამომდინარე არ არის ასევე მცდელობა მიმოხილვამ ამ სფეროს ყველა საკითხი მოიცვას, არამედ ყურადღება გამახვილდეს იმ აუცილებელ საჭიროებებზე, რომლის შეცვლასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში იმ ზიანის შესამცირებლად, რაც ნარკოტიკების უკანონოდ და პრობლემურად მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს.
წარმოდგენილია საკანონმდებლო ანალიზი ძირითადათ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის შესახებ. კვლევაში ასახულია პერიოდულად, განსაკუთრებით 2006 წლიდან, როგორ „ვითარდებოდა” და „იხვეწებოდა” გამკაცრებისკენ საქართველოს ნარკოპოლიტიკა, არამარტო სისხლისსამართლებრივ, არამედ სამოქალაქო უფლებების სფეროშიც.
საქართველოს ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო მიმოხილვა საშუალებას გვაძლევს რეალურად გავაცნობიეროთ ის მკაცრი მიდგომა, რაც კანონმდებლებმა აირჩიეს. ასევე დაინტერესებულ პირებს უკეთ უნდა დაგვანახოს იმ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობის შესახებ, რაც პირველ რიგში საზოგადოების და ამგვარად დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ინტერესებს წარმოადგენს.
ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო ანალიზი - ჩამოტვირთვა
ავტორი
ლევან ჯორბენაძე
იურისტი
Drug Policy Georgia