Sunday, August 29, 2010

რიჩარდ სუსკინდი, იურისტების დასასრული?

წიგნის პესიმისტური სათაურის დანახვისთანავე გიჩნდებათ სურვილი, რომ გადაშალოთ და გაიგოთ რა მოუვიდა (ან რა დაემართება) წარსულში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროფესიას.

წიგნის ავტორია იურიდიული ფირმების და ეროვნული სახელმწიფო ორგანოების დამოუკიდებელი მრჩეველი, არის იურისტი და აქვს ასევე დოქტორის წოდება „კომპიუტერებსა და სამართალში“. მიწვეული იყო 40-ზე მეტ ქვეყანაში, როგორც ლექტორი. მის მიერ დაწერილია მრავალი ნაშრომი, მათ შორის: Expert Systems in Law (1987), The Future of Law (1996), Transforming the Law (2000).

შესავლის წაკითხვის შემდეგ გიჩნდებათ წიგნის შეძენის სურვილი და იმედი, რომ თუ იურისტი ხართ, ნოეს კიდობნის აშენება ისწავლოთ ან მიიღოთ რჩევა თუ როგორ გადარჩეთ წარღვნისგან, მაგრამ ავტორის ნააზრევის თუ წინასწარმეტყველებების 284-ივე გვერდის წაკითხვის შემდეგ იმედი იმედად რჩება.

მისი სურვილი არ არის იურისტის პროფესიის (განსაკუთრებით იგულისხმება ადვოკატების) „დამარხვა“, რადგანაც გვამშვიდებს, რომ თავადაც იურისტია. მკითხველისადმი ავტორის ძირითადი გზავნილია: „ინოვაცია და არა ავტომატიზაცია“ (Susskind 145-ე გვერდი 4.9 Embedded legal knowledge), შესაბამისად საჭიროა იურიდიულ მომსახურებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ამავე დროს გვაფრთხილებს, რომ ის იურისტები, რომლებიც აღნიშნულს არ განახორციელებენ მათი დღეები დათვლილია.

ჩამოთვლილია ის ძირითადი 4 ფაქტორი, რამაც ავტორს წიგნი დააწერინა: 1. იურისტები შეიძლება საერთოდ გაქრნენ საზოგადოებიდან, როგორც სხვა ხელოსნები რამოდენიმე საუკუნის წინ; 2. იურისტები უარყოფენ, რომ არიან იურისტები, რადგანაც თვლიან, რომ საჭიროა გარდაქმნა ბაზარზე არსებული ცვლილებების გამო; 3. არავინ წუხს იურისტების მომავალი თაობის ბედზე; 4. იურიდიული მომსახურების მიწოდება იქნებოდა განსხვავებული ბიზნესი თუ მის დაფინანსებას და ხელმძღვანელობას თავის თავზე აიღებდნენ არა იურისტები (Susskind 12-ე გვერდი 1. Introduction – the Beginning of the End?).

„ჩვენ გავხდებით მოწმე მრავალი იურისტის დასასრულის, რომელსაც დღეს ვიცნობთ და ვაღიარებთ, მაგრამ მივიღებთ 21-ე საუკუნის მოთხოვნებთან შესაბამის, ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ პრაკტიკოსთა თაობას“ (Susskind 273-ე გვერდი 8.1 The Prognosis).

ავტორს ჯერავს, რომ IT based (ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული) სერვისი იქნება უფრო ეფექტური და ამავე დროს იაფი, ამიტომ წინასწარმეტყველებს, რომ „ტრადიციული ადვოკატები“ აღარ იქნებიან, ისევე როგორც მათ მიერ შეთავაზებული ასევე ტრადიციული მომსახურება.

ზოგადად წარმოდგენილ წიგნში მოცემული ავტორის მომავლის ჭვრეტის ანალიზი ასევე ძალიან ზოგადია და ზოგჯერ გადამეტებულიც შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ „მკითხველი იურისტისთვის“ მაინც საინტერესოა მომავალში პროფესიის განვითარების და ცვლილებების მოთხოვნების საპასუხოდ მომზადებისათვის.

---------

დასასრულს თავად მივხვდი, რომ იმ ძირითად ინფორმაციას, რაც წიგნიდან გამომდინარეობს - უფასოდ ინტერნეტით მოვიპოვებდი, მეტად მოკლედ და ლაკონურად, და ვფიქრდებე წიგნის შეძენისას, რატომ უნდა გადამეხადა დაახლოებით 25 ევრო და დამეკარგა რამოდენიმე დღე იგივე ზოგადი ინფორმაციის მისაღებად.

ლევან ჯორბენაძე

2010 წლის 29 აგვისტო