Sunday, October 24, 2010

გლობალური ტენდენციები მედიაცაში და მედიაცია საქართველოში


წიგნში განხილულია კვლევების ნაკრები შედარებითი თვალისაზრისით მედიაციის ჩამოყალიბების, მისი არსის, გამოყენების და განვითარების შესახებ 14 იურისდიქციაში: ავსტრალია, ავსტრია, კანადა, კვიბეკი, დანია, ინგლისი და უელსი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ჰოლანდია, შოტლანდია, სამხრეთ აფრიკა, შვეიცარია და აშშ.

წიგნი „გლობალური ტენდენციები მედიაცაში“ გამოცემულია Kluwer Law International-ის და რედაქტირებულია ნადია ალექსანდერს მიერ.
რა არის მედიაცია? მოკლედ რომ ითქვას ეს არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება. დავის ან კონფლიქტის მხარეების ნებაყოფლობითი მონაწილეობის საფუძველზე მედიატორი წარმართავს პროცესს და ეხმარება ორივე მხარეს მიაღწიონ კონსენსუს.

დადებითი მხარე: იაფი, სწრაფი, მხარეებს შორის ურთიერთობის შემანარჩუნებელი, კონფიდენციალურია, ორივე მხარ მოგებულია, დავის არსის შესახებ მხარეები იგებენ ობიექტურ აზრს.

უარყოფითი მხარე: საქმის გადაწყვეტა არ არის გარანტირებული, გადაწყვეტილება არ არის სავალდებულო ან იძულებით აღსასრულებელი, მეორე მხარე შეიძლება არ დათანხმდეს მედიაციაში მონაწილეობის მიღებას.

მედიატორის პროფესიის ჩამოყალიბება და განვითარება განსხვავდება ქვეყნების იურისდიქციების მიხედვით. ძირითადი საკითხებია: მედიატორის პროფესიის, როგორც რეგულირებადი პროფესიის ჩამოყალიბება; რა როლი აქვს მედიატორს ან აუცილებელია თუ არა, რომ იგი იურისტი იყოს? თუ შესაძლებელია ზოგიერთი საქმის განხილვის დროს მონაწილეობა მიიღოს ასევე ფსიქოლოგმა ან სამედიცინო განათლების მქონე პირმა?

ზოგიერთ სახელმწიფოში დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების გამოყენება, მაგალითად ამ შემთხვევაში მედიაცია უფასო იურიდიული დახმარების ნაწილია. მედიაციის დაფინანსების სისტემაც განსხვავდება და მოიცავს კლიენტის (მხარეების), სახელმწიფოს ან სპონსორი ორგანიზაციის მიერ დაფინანსების სისტემასაც.

გავრცელებული თვალსაზრისის მიხედვით მედიაციის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული პრინციპია „ყველა გამარჯვებული“–ის შედეგის მიღება. ითვლება, რომ დამარცხებული წარმატებული მედიაციის შემთხვევაში არ არსებობს.

ზოგიერთ სახელმწიფოს კანონის მიხედვით მედიაცია მეტნაკლებად ნორმატიულია ე.ი. მოწესრიგებულია კანონმდებლობის მიხედვით და მედიაციის პროცესში არსებობს, მხარეების ვალდებულებები და უფლებები. გარკვეულ საკანონმდებლო თუ ჩვეულებით–პრეცედენტულ ფარგლებშია მოქცეული მედიაციის გამოყენება სისხლის და სამოქალაქო საქმეთა დარგში. მაგალითად ზოგჯერ ადვოკატების ვალდებულებაა გააფრთხილონ თავიანთი კლიენტები მედიაციის გამოყენების შესახებ (ძირითადად საოჯახო დავების შემთხვევაში).

დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების გამოყენება არამხოლოდ დავის მხარეებისათვის არის მომგებიანი, არამედ ზოგადად სახელმწიფოსთვის. მისი ფართოდ გამოყენება ხელს უწყობს სახელმწიფო რესურსების დაზოგვას, რაც საბოლოოდ მართლმსაჯულების ხარისხზე აისახება.

ბევრმა სახელმწიფომ, მათ შორის ევრო კავშირის წევრმა ქვეყანებმაც, მაგალითად იტალიამ რამდენიმე ასეული მილიონი ევრო დახარჯა–დაკარგა „სწრაფი“ მართლმსაჯულების განუხორციელებლობის გამო, რადგან ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე–6 მუხლი ეხება სწორედ „სწრაფი და ეფექტური“ მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებას: „სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტრიბუნალის მიერ“.

საქართველოს უახლოესი წარსულის და სამართლის ისტორიის მიხედვით დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების გამოყენება რაღაც თავისებურ სიახლედ ვერ იქნება მიჩნეული. სხვა საკითხია რა „დამახინჯებული“ თუ მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი ან „ქაღალდის გარეშე“ ფორმით არსებობდა იგი. მაგალითად უახლოესი 90–იანი წლების და უფრო გვიანდელი არაფორმალური ე.წ. „კრიმინალური ავტორიტეტების სამედიაციო მომსახურება“ დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ასევე უხუცესების როლი მთასა თუ ბარში არსებული ქართული სამართლის ისტორიის თუ რეალური სიტუაციის ჭრილში.

2010 წლის 1 ივლისიდან პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე საქართველოში ამოქმედდა ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური. ამჟამად სამსახურის ძირითადი დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამსახურის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს ასევე: გრანტები, შემოწირულობის სახით მიღებული სახსრები, ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის საქმიანობის ერთ–ერთი მიზანი და ამოცანაა: სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაზღვევის სუბიექტებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებით მედიატორის როლის შესრულება და რეკომენდაციების მომზადება; სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში მზღვეველისა და დაზღვეულის კანონიერი ინტერესების დაცვა. სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: ა) დაზღვევის სუბიექტების უფლებების დაცვის უზრუნველყოფა; ბ) დამოუკიდებლობა კანონმდებლობით განსაზღვრული საკითხების გადაწყვეტისას; გ) სამართლიანობა და მიუკერძოებლობა.

2010 წლის 21 ივლისს ცვლილება განხორციელდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც, მოგვიანებით ასევე ახალ საპროცესო კოდექსშიც. ცვლილების მიხედვით ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პროკურორს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არ დაწყების ან დაწყებულის შეწყვეტის შესახებ და არასრულწლოვანთან გააფორმოს ხელშეკრულება განრიდების ან მედიაციის შესახებ. მომავალში არასრულწლოვანთან „განრიდების ან მედიაციის“ ხელშეკრულების პირობები უნდა მოწესრიგდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

თუ რამდენად ეფექტურად იქნება გამოყენებული მედიაცია საქართველოში დამოკიდებულია არამარტო შესაბამისი სამართლებრივი სისტემის შექმნაზე სახელმწიფოში, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზეც მედიაციის და სხვა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების გამოყენების შესახებ.

ლევან ჯორბენაძე
2010 წლის 24 ოქტომბერი

Sunday, October 10, 2010

ახალი კიბერ „დამნაშავეები“ საქართველოში

2010 წლის სექტემბერს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსში. ახალი ცვლილებები საავტორო უფლებების დარღვევასთან და კიბერდანაშაულთან დაკავშირებით 2010 წლის ოქტომბრიდან უკვე ამოქმედებულია.


ის ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებიც დიდი ოდენობის შემოსავლის მიღების მიზნით (როდესაც შემოსავალი აღემატება 5000 ლარს) საავტორო უფლებებს დაარღვევენ ისჯებიან ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 2 წლამდე. მაგალითად ისჯებიან პირები, რომლებიც საავტორო უფლებებით დაცულ „ნაწარმოებს“ ან მათ ასლებს შეიძენენ, განახორციელებენ მის იმპორტს, გაყიდიან, გააქირავებენ, გადაცემენ ან „სხვაგვარად ხელყოფენ“ მას.


მათ შორის ჯარიმით ან/და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, რაც ასევე ნიშნავს იმ პროგრამის ხელყოფას, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას.


კომპიუტერული პროგრამის უკანონოდ გამოყენება დაისჯება ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. საყურადღებოა, რომ კანონში შესაბამისად იგულისხმება პერსონალური კომპიუტერიც.


ამ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.


ე.ი. ნებისმიერი ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც განზრახ ხელყოფს საავტორო უფლებებს და გამოიყენებს არალიცენზირებულ კომპიუტერულ პროგრამებს, ჩაიდენს დანაშაულებრივ ქმედებას და ის შეიძლება გაასამართლონ და სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნონ, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე.


სამართალდამცავებს უფლება აქვთ ასეთი ინფორმაციის მიღების, ე.ი. კიბერდანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დაიწყონ სისხლისსამართლებრივი დევნა ნებისმიერი პირის მიმართ.


ვინმეს შეგვიძლია წარმოვიდგენთ ამჟამად საქართველოში არალიცენზირებული კომპიუტერული პროგრამების, როგორც გამავრცელებელი ასევე გამომყენებელი რამდენი პირია დასასჯელი? რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს ვინ პირველი დაისჯება, ვინ მეორე ან რომელი ერთი და რა ნიშნით?


„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით: საქართველოში კომპიუტერის მქონე მოქალაქეთა 95 პროცენტი მოპარულ კომპიუტერულ პროგრამებს იყენებს... საქართველოს ბიუჯეტში კი 50–60 მილიონი ლარის ოდენობის გადასახადები არ შედის. ასეთია „მაიკროსოფტის“ თბილისის წარმომადგენლობის კვლევის შედეგი...“.


ლევან ჯორბენაძე

2010 წლის 10 ოქტომბერი